მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტასათამაშოების სტანდარტები - როგორ ახერხებს ლეგო ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშოების მიწოდებას

სათამაშოების სტანდარტები – როგორ ახერხებს ლეგო ბავშვებისთვის უსაფრთხო სათამაშოების მიწოდებას

სტანდარტები –  ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა იმ პროდუქტის უსაფრთხოებას, რომლებსაც ადამიანი მოიხმარს, იქნება ეს სურსათი, სამედიცინო აპარატურა თუ სათამაშო.

დანიის ქალაქ ბილუნდში მდებარე სათამაშოების საწარმო LEGO GROUP-ი უზრუნველყოფს თავისი განთქმული სათამაშო აგურების არა მხოლოდ ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ  მისი სათამაშოების კატალოგის კიბერუსაფრთხოებასაც.

ქრისტიან ვეტერბერგი, LEGO GROUP-ის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავსებადობის განყოფილების ხელმძღვანელი:

“ჩვენი მისია არის მომავალი მშენებლების აღზრდა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ უნდა ითამაშონ“.

ამ საწარმოში  ყველა სახის  შიდა ტესტირება ტარდება, რათა სათამაშოების მექანიკური და ფიზიკური უსაფრთხოება დაიცვან.

„რადგანაც ჩვენი Duplo-ს პროდუქია 3 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, ამიტომ ის არ უნდა შეიცავდეს არცერთ წვრილ ნაწილს, რომელიც დახრჩობის საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება სათამაშოს ასაწყობ ხაზს – ეს ფიგურა აწყობილია, დანადგარი ეჭიდება მის თავს და ექაჩება იმაზე მეტი ძალით, ვიდრე ამას რეგულაცია ითხოვს,“ – განმარტავს ქრისტიან ვეტერბერგი.

პირადი მონაცემები და უსაფრთხოება

მოლაპარაკე ტექნოლოგიურ თოჯინებში დადასტურდა  რისკი – დაუცველი ბლუთუზის კავშირის გამო ჩაიწერა ბავშვების საუბარი, რის გამოც სათამაშოს საშუალებით პერსონალური მონაცემები გატეხეს. საინტერესოა, როგორ აგვარებს ლეგო ასეთ საკითხებს?

“ბოლო რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევქმენით ინტერნეტთან დაკავშირებული  სათამაშოები, ამიტომ უსაფრთხოებისა და სტანდარტიზაციის საკითხებიც ჩამოვაყალიბეთ,“ – გვიხსნის ტიმ ტეილორ-ბოუდენი,  LEGO GROUP-ის წამყვანი ტექნოლოგიური არქიტექტორი. “ლეგოს პრიორიტეტია ბავშვების უსაფრთხოება, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ რეგულაციების გაცნობამდე თავიდანვე ვნერგავთ უსაფრთხო პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო პროცედურებს. მაგალითად, ჩვენი ინტერნეტთან დაკავშირებული სათამაშოები არ აგროვებენ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს“.

რაც შეეხება Super Mario-ს ხაზს, ტიმ ტეილორი ამბობს, რომ ეს სათამაშო „შეზღუდულია მონაცემების დამუშავების მხრივ.  მაგალითად, სუპერ მარიოში მხოლოდ ჩვენი დამუშავებული ფაილების ჩადება შეიძლება, რომლებიც მარიოს მახასიათებლებს ქმნის – მის ხმას, თამაშის დროს გამოცემული ხმის ეფექტს და ასე შემდეგ“.

რა არის სტანდარტი?

სტანდარტი არის ტექნიკური აღწერილობა იმისა, თუ როგორ უნდა დამზადდეს პროდუქტი ან როგორ უნდა იმუშაოს მან. სწორედ ისინი განსაზღვრავენ, მაგალითად, პირბადის ფილტრაციის დონეს ან მობილური ტელეფონის შესაძლებლობებს. პროდუქტზე ლათინური ასოებით CE ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის კანონს და მისი გაყიდვა დასაშვებია ერთიან ბაზარზე.

ევროკომისია ახლა მუშაობს კიბერუსაფრთხოების აქტზე. კიბერუსაფრთხოების მკაცრი სტანდარტები არის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია, ციფრულ რევოლუციასთან და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები გადაჭრას.

“სტანდარტები კომპანიებისთვის ტექნოლოგიების წყაროა და როდესაც ფიქრობ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კიბერუსაფრთხოება, მონაცემები, თუნდაც ხელოვნური ინტელექტი – ეს ყველაფერი სტანდარტებს ეყრდნობა,“ – ამბობს  სებასტიანო ტოფალეტი, ევროპის ციფრული მცირე და საშუალო ბიზნესის ალიანსის გენერალური მდივანი. „მაგალითად, კიბერუსაფრთხოების მართვა ძალიან რთულია. მაინც რა უნდა გაკეთდეს, რომ კიბერთავდასხმის რისკი რაც შეიძლება შემცირდეს. არსებობს კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, რომლებშიც კონკრეტულად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი“.

სტანდარტები ხელს უწყობს ინოვაციასაც, რადგან კომპანიებს აღარ სჭირდებათ ბორბლის თავიდან გამოგონება.

“სტანდარტები ტექნოლოგიას ნეიტრალურ საფუძველს უქმნის,“ – განმარტავს სებასტიანო ტოფალეტი. „შემდეგ ყველას შეუძლია ზემოდან დააშენოს რაღაც, ასე რომ, ეს არის ცოდნის, ტექნოლოგიის გაზიარების გზა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ვინც სტანდარტებს იყენებს, რომ ინოვაციისა და ახლის ქმნის გზით იაროს“.

ფალსიფიცირებული პროდუქტის თავიდან აცილება

მაგრამ როგორი მკაცრიც არ უნდა იყოს სტანდარტი, ზოგჯერ მაინც იპარება ფალსიფიცირებული პროდუქტი.

“სისტემის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, საფუძველია მწარმოებელი, რომელიც აღიარებს სტანდარტებს. შემდეგ პროდუქტს ბაზრის ზედამხედველობა გააკონტროლებს,“  – ამბობს LEGO GROUP-ის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავსებადობის განყოფილების ხელმძღვანელი ქრისტიან ვეტერბერგი. „მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი? ჩემი აზრით, უნდა დაფიქრდეს, სად ყიდულობს პროდუქტს, არ უნდა იყიდოს უცნობ ვებგვერდზე, რომელიც პროდუქტს ძალიან დაბალ ფასში აძლევს“.

სტანდარტები ევროპის ერთიანი ბაზრის საძირკველია და ევროპამ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალი სახელმძღვანელო ნორმები ყოველთვის სტანადარტებს დაეყრდნობა. გარდა ამისა, უნდა აღზარდოს სტანდარტის ექსპერტების სრულიად ახალი თაობა.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend