მთავარიევროპარუსეთირუსეთში საბჭოთა ეპოქის ბრენდების აღდგენაზე მუშაობენ

რუსეთში საბჭოთა ეპოქის ბრენდების აღდგენაზე მუშაობენ

უკრაინაში შეჭრის გამო, დასავლეთის მიერ კრემლისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის ფედერაციაში საბჭოთა პერიოდის ბრენდების აღორძინება გადაწყვიტეს, მათ შორის ველოსიპედი „კამასი“ და „მოსკვიჩის“ ავტომობილების.

ქალაქ პერმში მდებარე ველოსიპედების საწარმოში ამბობენ, რომ წელს „კამას“ ტიპის 3000 ველოსიპედის წარმოებას აპირებენ.

„ჩვენი სამიზნე მომხმარებელი ის ადამიანები არიან, რომელთაც ეს ველოსიპედები ახსოვთ, მათთვის ეს უბრალოდ ველოსიპედი არ არის, ეს ბავშვობის მოგონებაა, ეს ახალი მოდელია, უფრო გამძლე, უსაფრთხო, ეს გახლავთ თანამედროვე ველოსიპედი კლასიკური შტრიხებით, ეს სწორედ ის ველოსიპედია, რომელიც ბავშვობიდან გვახსოვს“, ამბობს საწარმოს დირექტორი დმიტრი პონომარიოვი.

„კამას“ ახალი წარმოების ველოსიპედებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში გაყიდიან. მისი ფასი დაახლოებით 170 ამერიკული დოლარი იქნება. ველოსიპედს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აწარმოებენ, პერმში არსებული საწარმო მხოლოდ ველოსიპედის დიზაინზე მუშაობს.

2022 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციაში „მოსკვიჩის“ ბრენდის ავტომობილების წარმოებაც ხელახლა წამოიწყეს, ამისთვის მოსკოვთან ახლოს მდებარე ფრანგული კომპანია „რენოს“ მიერ მიტოვებული საწარმო აამუშავეს.

ავტომობილის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საერთო ჯამში 50 ათასი ერთეულის წარმოება იგეგმება. 2022 წლის დეკემბერში სულ 6 ცალი მოსკვიჩი გაიყიდა, 2023 წლის იანვარში კი 29.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე სახელმწიფოში ეკონომიკური ვითარება არ გაუარესებულა.

„ეგონათ, რომ ჩვენთან ყველაფერი მოიშლებოდა. ამგვარი არაფერი მომხდარა. არაფერი არ გაჩერებულა და არაფერი არ ჩამოშლილა. ჩვენი კომპანიები, მეწარმეები წარმატებით მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეწარმეებმა განვითარების შესაძლებლობა მიიღონ. ჩვენ მათ დავეხმარებით“, – მიიჩნევს ვლადიმერ პუტინი.

რუსი ეკონომისტების ნაწილს მიაჩნია, რომ საბჭოთა ბრენდების აღდგენის მცდელობა უიმედოა.

„როდესაც ეგრეთ წოდებულ რუსულ წარმოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მაგალითად, ახალი მოსკვიჩი ჩინური ავტომობილის ასლია დაა ჩინურ ბაზარზე ის ორჯერ იაფი ღირს. ეს ახალი ავტომობილის წარმოება არ არის, ეს იმიტაციის მცდელობაა. საბჭოთა ბრენდებთან დაკავშირებით ნოსტალგია არსებობს, მაშინ ყველაფერი უკეთესად იყო, მაგრამ მზად ვართ კი ამ მოგონებისთვის ფული გადავიხადოთ? არა“, – ირწმუნება ეკონომისტი დმიტრი პოტაპენკო.

2022 წლის ივლისში რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 83 პროცენტი მიესალმება საბჭოთა ბრენდების აღდგენას, მაგრამ ამ წამოწყების წარმატების არ სჯერა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend