მთავარისაქართველომოსკოვიდან საქართველოს მიმართ მორიგი "მოთხოვნა-მოწოდება" გაისმა

მოსკოვიდან საქართველოს მიმართ მორიგი “მოთხოვნა-მოწოდება” გაისმა

საქართველოსთან მიმართებაში მოსკოვიდან მორიგი განცხადება, რანგით დაბალმა, თუმცა მაინც გავლენიანმა, რუსული პოლიტიკის ჭადრაკის დაფაზე მყოფმა მარია ზახაროვამ გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა საქართველოს მოუწოდა, რომ დათანხმდეს კრემლის მოთხოვნას და სამუდამოდ უარი თქვას ცეცხლის გამოყენებაზე, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხში და მოსკოვს ეს დოკუმენტურად დაუდასტუროს. მანვე დაადასტურა, რუსეთის უცვლელი ყურადღება კავკასიის რეგიონში დომინანტური გავლენების შესახებ. ჟურნალისტების მიერ წერილობით გაგზავნილ კითხვაზე, ზახაროვას ასევე ეპისტოლური პასუხის მოკლე ვერსია ასეთია:

„აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მხარს უჭერს რუსეთთან ალიანსის გაღრმავების პოლიტიკას. რუსეთი ითხოვს საქართველოსგან „სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“. ეს არის რეგიონში სტაბილურობის გარანტია. რუსეთი რჩება რესპუბლიკების მთავარ სავაჭრო პარტნიორად. ორმხრივი ვაჭრობა იზრდება. ჩვენი მიზანია გავაგრძელოთ კურსი ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკებთან სამოკავშირეო ურთიერთობების ყოვლისმომცველი განვითარებისკენ. 15 წლის წინ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის ფედერაციამ უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა და პროგრესული განვითარება, გახდნენ თანამედროვე და თვითკმარი სახელმწიფოები“, – განაცხადა ზახაროვამ.

ზახაროვას ეს განცხადება განხილვის საგანია ქართველ პოლიტიკოსებში. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ არ ანიჭებენ მნიშვნელობას, უპასუხონ ამ განცხადებას და სიღრმეებში შევიდნენ. თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრები თვლიან, რომ რუსეთის გააქტიურება, ოპოზიციის ქმედებებს უკავშირდება და მათივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას კრემლთან ალიანსში ადანაშაულებენ.

ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე რეალობა გაიხსენოს და უმჯობესია, გასცეს პასუხი იმას, თუ როდის აპირებს მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია არც გავყოთ და ერთ კლასტერში მოვიხსენიოთ. მათი განცხადებები, ზახაროვა იქნება თუ ოპოზიცია, სრულიად არასერიოზულია და ზახაროვა იქნება, ოპოზიცია თუ სხვა, შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და მისი ყველა პუნქტი აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს.  არ ვიცი თქვენთვის რამდენად სერიოზულია ზახაროვას განცხადებები, მისი განცხადებები ამორალურია და ფაქტების უგულებელყოფით არის გაკეთებული”, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კრემლთან განსაკუთრებული ფრთხილი პოლიტიკა არაფერს მოუტანს. მათი თქმით, რუსეთი ცდილობს ბოლომდე მოახერხოს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა და მმართველ პარტიას გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. ზახაროვას კი რჩევას აძლევენ, რომ მშვიდობაზე თავის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკოს, თან ხშირად.

„ქართულ ოცნებას“ ვაფრთხილებდით, რუსეთთან კუდის ქიცინით, მუხლებზე დგომით და ლაქუცით ვერაფერს მივიღებდით – ზახაროვამ დაადასტურა, რომ მათი პოლიტიკა არ შეიცვლება. ასეთი პოლიტიკა არაერთხელ სცადეს, მათ შორის, შევარდნაძემ, 5 თუ 6 მინისტრი დანიშნა რუსეთის გავლენის აგენტებიდან, შემდეგ 2 აფეთქება მოუწყვეს მას. თუ “ქართულ ოცნებაში” ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთთან კომპრომისებით, დასავლეთის და უკრაინის ლანძღვით, ნატო- სა და ევროკავშირისგან დისტანცირებით ფონს გავალთ, ეს არის აბსურდი”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მარია ზახაროვას ეს განცხადება, მკაფიო რუსული ექსპანსიური პოლიტიკის მორიგი გამოხატულებაა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მორიგეობით, ამავე უწყების პირები – მინისტრი სერგეი ლავროვი და საქართველოს საკითხებზე მომაგრებული გრიგორი კარასინი, თბილისთან მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობდნენ. მეგობრობის და მეზობლობის კრემლისეული გაგება კი, საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend