მთავარიკუბიტოტალური თვალთვალი - ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაცია "როსკომნადზორზე"

ტოტალური თვალთვალი – ჰაკერების მიერ მოპოვებული ინფორმაცია “როსკომნადზორზე”

„როსკომნადზორი“, რომელიც რუსეთში მედიის ზედამხედველობისა და მარეგულირებლის ფუნქციას ასრულებს, მთავარ როლს თამაშობს სახელმწიფოს მიერ, ინტერნეტში რუსეთის მოქალაქეებზე ტოტალურ თვალთვალში. ასეთი დასკვნა გამოიტანეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ჰაკერების მიერ მოპოვებული როსკომნადზორის შიდა დოკუმენტები გააანალიზეს.

რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიამ ერთდროულად გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, მათ შორის არის “ვაჟნიე ისტორიი“, “დოსიე“, “მედიაზონა” და პროექტი „სისტემები“, რომელიც ეძღვნება რუსეთში მედიის ზედამხედველობის უწყების როსკომნადზორის დოკუმენტების გაჟონვის ყველაზე მასშტაბურ შემთხვევას.

 

2022 წლის ნოემბერში, ბელარუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ სახელად “კიბერპარტინაზანი“, განაცხადა, რომ გატეხა მედიის ზედამხედველობის უწყების მთავარი რადიოსიხშირის ცენტრი. მათი თქმით, მათ შეძლეს ფაილების გადმოტვირთვა და ასევე მიიღეს წვდომა თანამშრომლების მიმოწერაზე. საერთო ჯამში მოპარული მონაცემების რაოდენობა 2 ტერაბაიტი იყო. არსებული ინფორმაციით, ჰაკერების მიერ სისტემის გატეხვა როსკომნადზორმა თავიდანვე ვერ შეძლო და ისინი ინფორმაციას 2 თვის განმავლობაში იპარავდნენ.

მოგვიანებით, როსკომნადზორმა აღიარა სისტემის გატეხვა, თუმცა ამბობდა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა და ჰაკერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციის წაღება ვერ მოახერხეს, თუმცა როგორც საგამოძიებო სტატიაში ვკითხულობთ, თანამშრომლებს შორის ჩეთებით გამოჩნდა, რომ მათ ეს აღიქვეს, როგორც “მორალური ტრაგედია” და “აბსოლუტური კატასტროფა”.

მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, როსკომნადზორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი  ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ყველა იმ ტიპის ინფორმაციის წაშლაა, რაც მას დააზიანებს. უწყების თანამშრომლები ყოველდღიურად ამონიტორინგებენ მედიას და სოციალურ ქსელს, აგროვებენ ყველა კომენტარს, სტატუსს, რეაქციას და ადგენენ ანგარიშს, რათა დათვალონ, თუ რამდენად ხშირად იწერება ნეგატიური ცნობები რუსეთის პრეზიდენტის შესახებ და კონკრეტულად რომელ მის სიტყვას ან ქმედებას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია.

აქტიურად აგროვებენ ინფორმაციას იმ მედიასა და ადამიანებზე, ვინც ავრცელებს ცნობებს ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის შესახებ. ამ საკითხს ცალკე გრაფა აქვს მიძღვნილი – აღნიშნავენ ჟურნალისტები.

ასევე არსებობს შეურაცხმყოფელი კონტენტის გავრცელების განყოფილება. როსკომნადზორი სახელმწიფო მოხელის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების აკრძალვის კანონზე დაყრდნობით, ეძებს ასეთ მომხმარებლებს, შემდგომ კი შეიძლება დაიბლოკოს მათი ანგარიში და დამატებით აღიძრას საქმე მათ წინააღმდეგ.

როსკომნადზორი და მისი რადიოსიხშირის ცენტრი ხელისუფლების მთავარი ინსტრუმენტია, რათა შეებრძოლოს მისთვის საზიანო ინფორმაციას ომთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები ჰაკერების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ ომის პირველი 9 თვის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლებამ წაშალა 150 ათასამდე პუბლიკაცია სოციალურ ქსელში.  ამაში მათ ეხმარება “იანდექსი“. როსკომნადზორს აქვს ცალკე განყოფილება, „იანდექსის სპეციალური დავალება“- დოკუმენტების მიხედვით, ის ამონიტორინგებს ბმულებს რათა სისტემაში არ მოხვდეს ისეთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამ ომში დამნაშავე გამოჩნდება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ფოტო და ვიდეოს ანალიზისთვის როსკომნადზორში იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც მაგალითად, შეუძლია, მოძებნოს პუტინის ფოტო, რომელსაც ულვაშები მიახატეს, რათა ნაცისტური გერმანიის ლიდერს ადოლფ ჰიტლერს დაამსგავსონ.

ასევე, მუშაობენ ნეიროქსელზე სახელად “ვეპრი“. ის სახის ამომცნობია და იმახსოვრებს იმ ადამიანებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე ოდესმე ყოფილან.

სავარაუდოდ, ეს ტექნოლოგიები უნდა გახდეს „სუფთა ინტერნეტის“ შექმნის ინსტრუმენტები, რომელზეც 2020 წლიდან მუშაობენ რუსეთში. ისინი ცდილობენ, შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ავტომატურად დაამონიტორინგებს რუსეთის კანონმდებლების დამრღვევ კონტენტს, არამხოლოდ ტექსტურს, არამედ მედიაკონტენტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend