ბოლო მონაცემების მიხედვით, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებების გლობალური ბაზარი 2021 წელს 464 მილიარდ ევროზე მეტად შეფასდა.
2026 წლის პროგნოზით, ამ ბაზრის ღირებულება დაახლოებით 631 მილიარდ ევროს მიაღწევს. ეს ინდუსტრია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საშუალებით ცდილობს საკუთარი პროგრესის დაჩქარებას.
ტექნოლოგიის წყალობით უკვე შესაძლებელია მეტავერსის ვირტუალურ პლატფორმაზე მაკიაჟის გაკეთება და ვირტუალური სინჯების აღება, ასევე ტუჩსაცხის ფერის შერჩევა, კანის ტიპის ანალიზი, და დადგენა, თუ რომელი კოსმეტიკური პროდუქტი შეესაბამება კანს, ასევე კანის დისტანციური მკურნალობა. კომპანია L’Oreal-ში, რომელიც სილამაზის ინდუსტრიაში წამყვან მწარმოებლად ითვლება, ამბობენ, რომ ამ კონცეფციაში ინვესტიციებს ზრდიან.
„დღევანდელი მსოფლიო ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ბაზებზე დგას,“ – ამბობს მეჰდი მუტაუკილი, L’Oreal Middle East-ის ციფრული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი. „ეს გვაძლევს საშუალებას, რომ სრულიად ახალ შემოქმედებით ერაში შევიდეთ. შევქმნათ არა მხოლოდ პროდუქცია, არამედ აპარატურა და მომსახურებაც.“
სილამაზე და ტექნოლოგია
მომხმარებელი სულ უფრო მეტად დაიხვეწა, ამიტომ სურს, იცოდეს, თუ რამდენად დამუშავებულია პროდუქტი მეცნიერულად და რამდენად მოიტანს დაპირებულ ეფექტს.
რაც შეიძლება კარგად რომ გამოვიყურებოდეთ, მრავალი ჩვენგანი მიმართავს ტრადიციულ სპა-მეთოდებს, რომელთაც ტექნოლოგია და მეცნიერება უწყობს ხელს, რათა თვალნათლივ წარმოვიდგინოთ ამ ტიპის მკურნალობის შედეგი.
კოსმეტიკის ცნობილმა გლობალურმა ბრენდმა Cellreturn-მა NASA-ის მეცნიერებთან ერთად განავითარა ისეთი მანათობელი დიოდებით აღჭურვილი აპარატი OLED-ი, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახალგაზრდავებას, ხსნის კუნთების ტკივილსა და აჩერებს თმის ცვენას.
დოქტორი ამანდა პაუელი კომპანია Cellreturn-ის გაერთიანებულ სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ოფისების ხელმძღვანელია. იგი გვიხსნის, როგორ მუშაობს მათი ტექნოლოგია:
„მანათობელი დიოდების ტექნოლოგია სიღრმისეულ ეფექტს ახდენს კანზე, რადგან კანი ხელს უშლის ყველაფრის ათვისებას. ამ აპარატის ტალღის სიგრძე 6 მილიმეტრით აღწევს კანში. ეს 6 მილიმეტრი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ სხივებს შთანთქავს უჯრედის მიტოქონდრია. მიტოქონდრია უჯრედის ელექტროსადგურია, სწორედ ის ქმნის ე.წ. ATP-ის – ადენოზინტრიფოსფორმჟავას – ეს არის უჯრედის ენერგია. უჯრედი რომ არ მოკვდეს და შეინარჩუნოს ფუნქცია, აუცილებელია ATP. ამიტომ ის სხივები, რომლებზეც ვსაუბრობთ, აღწევს კანში და წარმოქმნის ATP-ს და ამგვარად უჯრედული პროცესების მთელ კასკადს ქმნის, რაც გაახალგაზრდავებას – უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს“.
Ouronyx-ი ესთეტიკური მედიცინის ცენტრია, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, ტექნოლოგიასა და მეცნიერებას. მათი კლინიკები დუბაისა და ლონდონში სახის პლასტიკურ ქირურგიას სთავაზობენ.
ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად, ასეთი კლინიკები სულ უფრო ჰოლისტიკურ მიდგომას ირჩევენ. ისინი იყენებენ მეცნიერებას, რათა პლასტიკური ქირურგია უფრო ეფექტური გახდეს.
წინასწარი კონსულტაცია მოიცავს სამედიცინო ანკეტის შევსებას, პერსონალურ ტესტსა და საკუთარი გამოსახულების გამოკვლევას 3D-ის განზომილებაში, რომელიც სახის ნაოჭების, პიგმენტაციისა და კუნთების მასის ხარისხს დიდი სიზუსტით ადგენს.
დოქტორი ჰალაჰ ტაჰა Ouronyx-ის ექიმია. იგი განმარტავს, რომ სპეციალისტები ტექნოლოგიების საშუალებით ხედავენ, თუ რა სჭირდება პაციენტს, რაც ეხმარება პაციენტებს, რომ არ დაერღვეთ სხეულის პროპროციები პლასტიკური ოპერაციების შედეგად და თავიდან აიცილონ სახის გაჯერება ზედმეტი ფილერებით. ამ კომპანიაში თვლიან, რომ ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პაციენტების ცოდნის გაღრმავებაა.
დოქტორი ჰალაჰ ტაჰა, Ouronyx-ის ექიმი:
„თავად კლიენტი ბევრ რამეს ვერ ხედავს სარკეში. ეს ტექნოლოგია კი ეხმარება მათ, გაიგონ უფრო მეტი დაბერების პორცესზე და მიხვდნენ, თუ რა არის მთავარი პრობლემა, რათა მერე ერთად შავადგინოთ სამკურნალო გეგმა და მივიღოთ მათთვის სასურველი შედეგი“.
უკუკავშირი და ინოვაცია
მაკიაჟის კუთხით მრავალი ბრენდი ცდილობს ვირტულაური სინჯების დანერგვას, რათა მომხმარებელს გაუდვილდეს არჩევანი. ეს გულისხმობს სმარტფონით საკუთარი ფოტოს გადაღებას და მისი საშუალებით გადამოწმებას, რამდენად უხდება სახეს ტუჩსაცხი, ფუძე თუ სხვა კოსმეტიკური პროდუქტი. მომხმარებლის უმეტესობას ასე უადვილდება საკუთარი კანის ფერთან პროდუქტის შეხამება.
Yves Saint Laurent Beauty-მ დუბაიში უკუკავშირზე დამყარებული პარფიუმერიის სინჯები დაიწყო. მეჰდი მუტაუკილი, L’Oreal Middle East-ის ციფრული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ისინი იყენებდნენ ტანსაცმელზე დასმაგრებელ მიკრომოწყობილობას, რათა განესაზღვართ მომხარებლისთვის ყველაზე შესაფერისი პროდუქტი.
„ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენ შევძელით მომხმარებლის სახეზე ემოციის განსაზღვრა, რაც მივიღეთ როგორც რეკომენდაცია ამა თუ იმ პროდუქტზე. ჩვენ შეგვიძლია, ზუსტად დავადგინოთ, თუ რომელი სურნელი მოგანიჭებთ სიამოვნებას. ამის საფუძველზე გთავაზობენ სამ პროდუქტს და მათ შორის აირჩევთ სასურველ სურნელს“.
როგორ ირკვევა, მომავალში სილამაზე მხოლოდ იმაზე კი არ იქნება დამოკდიებული, რასაც თვალი ხედვას, არამედ მეცნიერებასა და ტექნოლოგიაზე, რომელიც სილამაზის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
ავტორი: კატი ჩემბერსი