მთავარისაქართველობუნებრივი აირის მოხმარების წესები და მოწყობილობების უსაფრთხოება

ბუნებრივი აირის მოხმარების წესები და მოწყობილობების უსაფრთხოება

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც საუბრის მთავარი თემა ზამთრის სეზონის განმავლობაში ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარება და აბონენტების შემოწმების სტატისტიკა იყო.

„ღია წვის კამერის მქონე გაზის დანადგარების მოხმარების შედეგად, 2022 წელს 12 ადამიანი გარდაიცვალა, ძლიერ ინტოქსირებულია 65 ადამიანი. გასულ წელს ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული, ღია წვის კამერის მქონე დანადგარების მოხმარების გამო საფრთხის ქვეშ 14 471 აბონენტი იყო. უმეტეს შემთხვევებში ეს ღია წვის კამერის მქონე დანადგარები იყო, რაზეც ხაზი არაერთხელ გაგვისვამს, რომ ეს სრულად აკრძალულია და ჩვენმა აბონენტებმა არ უნდა მოიხმარონ. როდესაც ჩვენი თანამშრომელი თქვენთან მოდის, თქვენი ბინა გაზის კუთხით გეგმიურ შემოწმებას გაივლის, (ეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წელიწადში ერთხელ ხდება), ჩახსნილი დანადგარები თვითნებურად არ მიაერთოთ. კარგია, რომ თვითნებურად მიერთების პროცენტი საგრძნობლად შემცირდა: 3 – 4 წლის წინ ეს 40 % იყო, ჩაჭრილი აბონენტების 40 % იგივე დანადგარს ჩვენი წასვლის შემდეგ თვითნებურად აერთებდა, ეს მაჩვენებელი 8-9 %-ზე ჩამოვიდა“, – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მანვე წარმოადგინა კუსტარული დანადგარების მოხმარების მონაცემებიც. გიორგი ლეფსვერიძემ მოსახლეობას რჩევაც მისცა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმისთვის, რომ უბედურ შემთხვევას თავი აარიდონ.

გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა: ეს არის არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარის გამო co-თი, ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია და მეორეა არასწორად, თვითნებურად დამონტაჟებული ქსელის გამო მომხდარი უბედური შემთხვევები. საუბარია ე.წ. „შლანგებზე“, კუსტარულად შესრულებულ გადაბმებზე, თვალსაჩინოებისთვის ფოტოც წამოვიღე. კუსტარულად შესრულებული გადაბმების გამო გაზის გაჟონვა და შემდეგ აფეთქება ხდება.
რაც შეეხება ინტოქსიკაციას – მას ღია წვის კამერიანი დანადგარები, ე.წ. კალონკები იწვევს. შეხედეთ თქვენს წყალგამაცხელებლებს: გვერდებში თუ ისეთი ჭრილები აქვს, როგორიც ფოტოზეა, მისი მოხმარება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ. ეს დახურულ სივრცეს ეხება. ქუჩაში და აივანზე დაყენებულ წყალგამაცხელებლებს ეს არ ეხებათ.

რაც ყველზე მთავარია: ნებისმიერ დანადგარს ყველა გამათბობელს, დანადგარამდე მისაყვანი გაზსადენი სჭირდება, რათა დანადგარამდე გაზის ტრანსპორტირება მოხდეს. აუცილებლად „თბილისი ენერჯის“ უნდა მიმართოთ, რადგან ეს გაზსადენი „თბილისი ენერჯის“ მეშვეობით უნდა გაკეთდეს, არ გააკეთოთ კუსტარულად. ეს გაზის გაჟონვას და აფეთქებას იწვევს. ჩვენი საავარიოს ტელეფონია „114“. მოვუწოდებთ ჩვენს ნებისმიერ აბონენტს, თუ გაზის სუნს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ 114-ზე მოგვმართეთ, ჩვენი ჯგუფები ადგილზე მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვლენ“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend