მთავარიაზიამიანმარიბანგკოკში მიანმარელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბანგკოკში მიანმარელმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს

მიანმარში სამხედრო გენერალიტეტის მიერ ხელისუფლებიდან არჩეული მთავრობისა და პრეზიდენტის ჩამოგდებიდან ორი წლის თავზე, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გადახვეწილმა მიანმარელებმა მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს. მიანმარის საელჩოსთან შეკრებილი დევნილების მთავარ მოთხოვნას, მიანმარის სამხედრო მმართველების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ლიდერის აუნ სან სუ ჩისა და ასევე უკანონო ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის ვინ მინტის გათავისუფლება წარმოადგენდა.

„მიანმარი უკვე ორი წელია სამხედროების ტყვეობაში იმყოფება და იქ კარგი არაფერი ხდება. გაიზარდა კრიმინალი და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. ამის შეცვლას ვითხოვთ“, – ამბობს პროტესტის მონაწილე ტან სოე აუნგი

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიანმარის ამჟამინდელი რეჟიმი, უკმაყოფილო მოსახლეობის წინააღმდეგ გაუგონარ სისასტიკეს იჩენს. როგორც ცნობილია, მიანმარის ზოგიერთ პროვინციაში, არსებული სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლთა კერძო რაზმები წრთვნებს გადის. თუმცა მათი შეიარაღება და სხვა მომარაგება, სახელმწიფოსთან შედარებით სუსტია. მაგრამ წინააღმდეგობა მაინც იმატებს.

მიანმარის სამხედრო რეჟიმი, მოსახლეობას სისასტიკით უტევს. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებს მძიმე არტილერიას, სხვა იარაღს. ამ დრომდე უამრავი საჰაერო იერიში მიიტანეს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ. ახლა იქ არსებული პოლიტიკური ვითარება ჩიხშია. მართალია წინააღმდეგობრივი ძალა იზრდება, თუმცა ჯერჯერობით არა იმ რაოდენობით, რომ რაიმე არსებითად შეიცვალოს“, – აცხადებს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დევიდ მათისონი

მიანმარი ფაქტობრივად სამოქალაქო ომის ზღვარზეა. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ კონფლიქტის მოგვარების რეალისტური გზა ჯერ არ ჩანს. ანალიტიკოსების ნაწილს კი წინააღმდეგობაში ჩართული მოსახლეობისა და მათ მიმართ საერთაშორისო საზოგადოების აქტიური მხარდაჭერის  იმედი აქვს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend