მთავარიმსოფლიო27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტისა და საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დეპუტატები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„აღვნიშნავთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს. ეს საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უკვე მეორედ აღნიშნავს.მნიშვნელოვანია, ამ დღეს ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად ჰოლოკოსტის მსხერპლებს მივაგეთ პატივი და მნიშვნელოვანია, ის, რაც მე-20 საუკუნეში მოხდა, ის ისტორიული ტრაგედია, ამ ტრაგედიის შესახებ ცნობიერება ყოველდღიურად იყოს ამაღლებული“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, დღეს პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას. ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს პარლამენტთან ამ ხარისხის თანამსრომლობა, ღონისძიებაზე პარლამენტის თავმჯდომარის დასწრება. ჩვენი სახელმწიფოსა და ებრაელი ერისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა, ეს დღე მთელი კაცობრიობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ.

ამ დღის მნიშვნელობაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. მან განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.

„დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას.

განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას.

ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება, და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ მოწყობილ მასობრივ გენოციდს მილიონობით ებრაელის სიცოცხე ემსხვერპლა. მას შემდეგ, რაც გერმანელებმა პოლონეთი დაიპყრეს, ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს საკონცენტრაციო ბანაკი ააშენეს, სადაც მილიონობით ებრაელი დახოცეს. 1945 წლის 27 იანვარს ბანაკი საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს. სწორედ ეს თარიღი დაწესდა მოგვიანებით ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ. ისტორიკოსები ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„აუშვიცი არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელშიც მართლა უამრავი ადამიანი დაიხოცა. გერმანიაში, ავსტრიაში ეს არ არის მხოლოდ ჰოლოკოსტზე, არამედ, საერთოდ, ნაციონალ-სოციალიზმის მსხვერპლთა დღედაც ითვლება. საერთაშორისო დღე არის, აღინიშნება ყველგან“, – თქვა ისტორიკოსმა, ლიტერატურათმცოდნემ, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მეცნიერების შრომის შედეგად მოხერხდა იმ ადამიანების რიცხვის დადგენა, რომლებიც გენოციდმა შეიწირა. ოფიციალურად მიღებული საერთაშორისო ისტორიოგრაფიის მონაცემებით, გენოციდის შედეგად დაღუპული ებრაელების რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს.

 

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend