მთავარისაქართველოსაქართველოში მებაჟის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოში მებაჟის საერთაშორისო დღე აღინიშნა

„იზრუნე მომავალ თაობაზე, გააზიარე გამოცდილება და ცოდნა“ – ასეთი სახელი შეურჩიეს საბაჟოს საერთაშორისო დღის აღნიშვნის ღონისძიებას საქართველოში. მსოფლიო 26 იანვარს მებაჟეთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. საქართველოში მებაჟე ოფიცრებს ეს დღე, ფინანსთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. მათ შორის, ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, რომლებმაც ღონისძიება უკომენტაროდ დატოვეს.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საბაჟო კონტროლის რთულ სამუშაოსა და მებაჟე ოფიცრების თავდადებულ შრომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, სანქცირებული ტვირთების კონტროლისთვის, საბაჟო-სასაზღვრო მონიტორინგი უფრო მკაცრად მიმდინარეობს.

“დღეს საბაჟოს და მებაჟე ოფიცრებს დიდი დატვირთვით უწევთ მუშაობა. სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე. აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 14 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება,  აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები. ამასთან, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგზე“ დამატებით განთავსდა საბაჟო კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის რენტგენოსკანერები. ასევე, გაძლიერდა სხვა გამშვები პუნქტების შესაძლებლობები შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით.  სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან საერთაშორისო სანქციების სათანადო ადმინისტრირებისთვის საჭირო ტექნიკური დახმარების თაობაზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან განხორციელდა არაერთი კომუნიკაცია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, სამსახურეობრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟო დეპარტამენტის თვრამეტ მებაჟე ოფიცერს.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ხელოვნურმა ინტელექტმაც. რობოტი უკვე საქართველოს საბაჟო სისტემაშია ინტეგრირებული და ადამიანებთან ერთად მუშაობს. რობოტი მებაჟე ოფიცერი კომპანია „ZEPTOM” შექმნა საქართველოსთვის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტი ახლო მომავალში საბაჟო კონტროლის საქმეში უფრო აქტიურად ჩაერთვება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend