მთავარისაქართველოსესხი, ბანკი და მოქალაქე საქართველოში

სესხი, ბანკი და მოქალაქე საქართველოში

2022 წელს მოვალეთა რეესტრში მოქალაქეთა რაოდეობა 2021 წელთან შედარებით 10 717-ით გაიზარდა

ვალერიან ბარამია ერთ-ერთია იმ ათიათასობით მოქალაქეს შორისა, რომელიც მოვალეთა რეესტრში მოხვდა და ახლა საცხოვრებელი სახლის დაკარგვის წინაშეა.
ამის მიზეზი ის საბანკო ვალდებულებაა, რომელიც პანდემიის შეზღუდვების შემდეგ ვეღარ გაისტუმრა.

ამბობს, რომ საფინანსო კომპანიამ დახმარების ნაცვლად, გაორმაგებული პროცენტები და პირგასამტეხლოები დაუმატა და ახლა საერთოდ შეუძლებლად მიაჩნია ამ სესხის დაფარვა.

„პანდემიამდე შეუფერხებლად ვიხდიდი. არ მქონია ჩავარდნები და გადაცილებები. მაგრამ პაანდემიის პერიოდში ვეღარ ვიმუშავე. ბრიგაადა მყავდა, მეც ფიზიკრად ვმუშაობდი. ვერც პანდემიის შემდეგ შევძელით მუშაობის განახლება. მოკლედ, საქმე ჩაგვივარდა და დავრჩი შემოსვალის გაარეშე და ვეღარ გადავიხადე სესხი. ხელშეწყობის ნაცვლად ბანკმა დამაკისრა პროცენტები, პირგასამტეხლოები და ახლა თითქმის სამმაგ ოდენობას ითხოვს. სახლი აქუციონზე გასატანდ გამზადებულია. უბრალოდ, სასამართლო მიმდინარეობს. არ ვიცი რა იქნება“, – გვიყვება ვალერიან ბარამია.

უახლესი სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში მოვალეთა რეესტრში 165 025 პირი მოხვდა. აქედან, მხოლოდ 7 318-ია იურიდიული პირი. აბსოლუტური უმრავლესობა – 157 707 კი ფიზიკური პირია. 2021 წელთან შედარებით, გასული წლის მაჩვენებელი 10 717-თაა  გაზრდილი.

„მშენებლობით და იპოთეკით „მევახშეებისგან“ დაზარალებულთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი გიგა წულეისკირი ამბობს, რომ მათი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე ასობით მოქალაქისა თუ ოჯახის საქმეს იცნობს. მას მიაჩნია, რომ საბანკო რეგულაციები მხოლოდ ბანკების ინტერესებზეა მორგებული და სწორედ ამის გამო იზრდება ე.წ. „შავ სიაში“ მოქალაქეთა რაოდენობა. გიგა წულეისკირის აზრით, გამოსავალი კანონმდებლობის შეცვლასა და ეროვნული ბანკის რეგულაციების სრულ ცვლილებაშია.

„სამწუხაროდ, საქართველოში ყველა და ყველაფერი დამოკიდებული გახდა ბანკებზე. ქვეყანაში არ გვაქვს და საფონდო ორგანიზაციები და არც რეალური საინვესტიციო ინსტიტუციები, რომლებიც კონკურენცია გაუწევენ ბანკებს და მოქალაქის თუ იურიდიული პირისთვის, ფულის მოზიდვის ალტერნატიული წყაროები იქნებიან. ამიტომ ორი არჩევანი დაგვრჩა – ბანკები და ე.წ. „მევახშეები“. არასწორი საბანკო პოლიტიკის გამო კი განსაკუთრებით მოქალაქეები ხშირად ე.წ. „მევახშეებთან“ მიდიან და იქ კიდევ უფრო ზარალდებიან. კანონმდებლობა არ უნდა იყოს მორგებული ბანკების ინტერესებზე მხოლოდ. პირველ რიგში მორგებული უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესებზე და ბანკი უნდა გადაეწყოს მოქალაქის საჭიროებებზე. შემიძლია ვთქვა, რომ ფატქობრივად მიზანმიმართულადაა ასე ამ ქვეყანაში. არასწორი პოლიტიკით დაცულია არა მოქალაქის, არამედ ბანკის ინტერესები“, – აცხადებს გიგა წულეისკირი.

„საქართველოს საბანკო ასოციაციაში“ კი ამბობენ, რომ საფინანსო ინსტიტუტები მაქსიმალურად ეხმარებიან მოქალაქეებს, თუ მსესხებლები მათთან კომუნიკაციას არ შეწყვეტენ და ითანამშრომლებენ. ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიიჩნევს, რომ მოვალეთა რეესტრში მსესხებლები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აღმოჩნდებიან.

„ხშირ შემთხვევაში მოვალეთა რეესტრში ის მომხმარებლები ხვდებიან, რომელთაც კომუნიკაცია აღარ აქვთ იმ საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებისგან სესხი აქვთ აღებული. პრობლემური სესხის მქონე პირმა, რომელსაც არ სურს აღმოჩნდეს მოვალეთა რეესტრში, პირველ რიგში კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს მსესხებელ ორგანიზაციასთან და მაქსიმალურად მოელაპარაკოს გარკვეულ გრაფიკზე. ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობის ზრდა არის პერიოდლად. ეს რიცხვი გაიზარდა 2021 წელსაც და შესაბამისად 2022-შიც. ბანკები მაქსიმალურად ცდილობენ მიეხმარონ მსესხებლებს, განსაკუთრებით ეს გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, როდესაც საფინანსო ინსტიტუტებმა სახელმწიფოსთან შეთანხმებით, გადაავადეს სესხის დაფარვის დრო. ბანკი ყოველთვის მიყვება მოქალაქეს რესტრუქტურიზაციის პირობაზე“, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ოჯახთან ერთად, გამოსახლების წინაშე მყოფი ვალერიან ბარამია კი მიიჩნევს, რომ ის პატიოსანი გადამხდელი იყო, თუმცა საბანკო სისტემის რეპრესიული დამოკიდებულების მსხვერპლია.

მსესხებლების მთავარ პრობლემას მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საფინანსო ინსტიტუტებისგან დადებული ბუნდოვანი ხელშეკრულებები წარმოადგენს.

მოვალეთა რეესტრში მსესხებლების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობის ფონზე კი უცნობია, შეიცვლება თუ არა საბანკო რეგულაციები.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend