მთავარისაქართველოთავდასხმები ჟურნალისტებზე, შრომის უსამართლო პირობები, ფემიციდი, დისკრიმინაცია - HRW-ის ანგარიში

თავდასხმები ჟურნალისტებზე, შრომის უსამართლო პირობები, ფემიციდი, დისკრიმინაცია – HRW-ის ანგარიში

ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH საქართველოში 2022 წელს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

სამართალდამცავთა დაუსჯელობა ჩადენილი დანაშაულებისთვის, თავდასხმები ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები, შრომის უსამართლო პირობები, ფემიციდი, სექსუალურ უმცირესობათა დისკრიმინაცია, ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია – სწორედ ეს საკითხები მოხვდა ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის 2022 წლის მოვლენების მიმოხილვაში. შეფასების დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში გახშირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ფაქტები. ანგარიშში მოხვდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლოს განაჩენს სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, სახალხო დამცველი კი საქმის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

HUMAN RIGHTS WATCH შრომის უფლებებზეც წერს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოში შრომის სამართლიანი პირობები არ არის და ეს საკითხი შემაშფოთებელია.

„ზეგანაკვეთური სამუშაოს რეგულირება სუსტია, სოციალური დაცვა მინიმალური. პროფკავშირებს არა აქვთ იურიდიული გარანტიები, რაც მათ სისტემურ ცვლილებებზე ეფექტიანი მოლაპარაკებების წარმართვის შესაძლებლობას მისცემდა, ხოლო „შრომის ინსპექციის“ ეფექტიანობას რესურსების სიმცირე აფერხებს. ხელფასების დაურეგულირებლობა მშრომელებს ექსპლუატაციისაგან დაუცველს ხდის. მინიმალური თვიური ხელფასი, რომელიც 20 ლარია, დაახლოებით 7 დოლარი, 12-ჯერ ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და 1999 წლის შემდეგ არ გადასინჯულა“ – ნათქვამია ანგარიშში.

ავტორიტეტიანი ორგანიზაცია 2022 წლის შეფასების დოკუმენტში ქალთა უფლებებზე წერს. ანგარიშში მოხვდა ხანუმ ჯეირანოვას საქმე, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფომ ის დისკრიმინაციისგან ვერ დაიცვა.

„2021 წლის ნოემბერში გაერო-ს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი ხანუმ ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ჯეირანოვა 2014 წელს გარდაიცვალა თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ. დადგინდა, რომ საქართველომ, მათ შორის, ვერ უზრუნველყო ჯეირანოვას მიმართ არასათანადო მოპყრობისა და მისი სიკვდილის გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა“ –  წერია დოკუმენტში.

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ლგბტქ+ თემი შევიწროებას, დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდის. საუბარია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის ცენტრში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე და გაუქმებულ ღირსების მარშზე.

„თბილისში, 5 ტრანსგენდერ ქალს სახლში დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. ქვებითა და აგურებით შეიარაღებული მოძალადეები თავს დაესხნენ ამ ქალებს და მათი ბინის მფლობელს, დააზიანეს მათი სახლი და სიკვდილით დაემუქრნენ მათ. ამ ანგარიშის მომზადების დროისთვის მიმდინარეობდა გამოძიება. ივლისში თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი ადამიანი დააჯარიმა უფლებადამცველთა ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის 2021 წლის ივლისში მასობრივი ანტი-ლგბტ თავდასხმების დროს. ამ თავდასხმებს ათობით ადამიანის დაშავება და „ღირსების მარშის“ გაუქმება მოჰყვა. სასამართლომ გაამართლა მოპასუხეები უფრო მძიმე, დევნისა და ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებების ნაწილში“ – ნათქვამია 2022 წლის მიმოხილვაში.

ორგანიზაციის 2022 წლის მოვლენების მიმოხილვის დოკუმენტში წერია, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ანგარიშში მოხვდა 2021 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხიც, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

„ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო ინსპექტორმა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დარღვევის გამოძიება დაიწყო. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, პარლამენტს მოუწოდა, არ მიეღო ეს კანონპროექტი, რადგან ის არ ყოფილა „სათანადოდ განხილული დაინტერესებულ მხარეებთან [და] ასუსტებდა დამოუკიდებლად მოქმედ ინსტიტუტს“ – წერია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში მოხვდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი. ამავე დოკუმენტში წერია, რომ 2022 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend