მთავარიევროპავატიკანირომის პაპ ბენედიქტ XVI-ის დაკრძალვა ვატიკანში

რომის პაპ ბენედიქტ XVI-ის დაკრძალვა ვატიკანში

წმინდა პეტრეს მოედნიდან ბენედიქტ მეთექვსმეტეს ფიჭვის სასახლე სიმბოლურად 12-მა სასულიერო პირმა თეთრი ხელთათმანებით ისევ ბაზილიკაში დააბრუნა. იქ მისი სხეული სამუდამოდ დარჩება.

გარდაცვლილი ბენედიქტის სასახლესთან მოქმედი პაპი, ფრანცისკე მუხლებზე დადგა და ილოცა. მან ასე გააცილა რომის პაპი, რომელმაც ბოლო 600 წელიწადში ისტორიული პრეცედენტი შექმნა და სიცოცხლეშივე დათმო უმაღლესი სასულიერო პირის  ტიტული. ის იქცა ემერიტუს პაპად. თუმცა იქ, წმინდა პეტრეს ბაზილიკის პაპთა აკლდამაში მას სხვა რომის პაპებთან ერთად კრძალავენ. იმ ადგილას,  რომელიც თავად შეურჩევია. ფიჭვის სასახლეს თუთიის კუბოში ჩადგამენ, შემდეგ კი მუხის სასახლეში, თავად ბენედიქტის გამოსახულებით. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამგლოვიარო მესა რომის პაპისთვის იმართება, თუმცა რომში უკვე სხვა ადამიანი ატარებს პაპის ტიტულს.

ბენედიქტს მოკრძალებული სამგლოვიარო მესა სურდა, ამ პოზიციაზე იყო ვატიკანიც, თუმცა ეს არ გამოვიდა. იშვიათ მესას, რომელიც მხოლოდ რომის პაპების გლოვისთვის სრულდება თავად მოქმედი პაპი უძღვებოდა და იქ იყვნენ  სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, სამეფო  ოჯახები…

ბენედიქტ მეთექვსმეტე, ანუ საერო ცხოვრებაში იოზეფ ალოიზ რატცინგერი გერმანელი თეოლოგი იყო. ის რომის პაპად იოანე პავლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, 2005 წელს აირჩიეს. მაშინ 78 წლის იყო და ყველაზე ასაკოვანი პაპის ისტორიული პრეცედენტიც შექმნა.

2013 წლის 11 თებერვალს მან თქვა, რომ პაპის ტიტულს თმობდა და ეს ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გაუარესებით ახსნა. ეს სრულიად მოულოდნელი იყო კათოლიკეებისთვის. შემდეგ, თვეზე მეტი გაგრძელდა ე.წ. “სედე ვაკანტე”, რაც ლათინურად ცარიელი ტახტის პერიოდს ნიშნავს.

ბენედიქტ მეთექვსმეტემ ცხოვრების ბოლო წლები ვატიკანის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა. ბოლო დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული იყო, ამიტომ  წინა კვირას, ქადაგებისას პაპმა ფრანცისკემ ქრისტიანებს ემერიტუსი პაპისთვის ლოცვა სთხოვა.

პაპი ბენედიქტი 31 დეკემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. წმინდა პეტრეს ტაძარში კიდევ ერთხელ ისმოდა იშვიათი რეკვიემი, რომელიც 18 წელია არავის გაუგონია.

მელოდია, რომლითაც კათოლიკური სამყარო პონტიფექსს ემშვიდობება.

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend