ევროპაში მშვიდობის აღდგენა, ეკონომიკის გაჯანსაღება, ადეკვატური და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგება – აი, ეს ძირითადი მიზნები დაისახა ევროპამ 2023 წელს. თუმცა, 2023 წელს მრავალი სხვა კითხვაც იქნება პასუხგასაცემი.
ომი
შეუძლებელია წინასწარ თქმა, თუ როდის ან როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ აშკარაა, რომ ომი ძალიან ძვირი დაუჯდება ყველა დაინტერესებულ მხარეს. ამ დროს მთელი მსოფლიო ცდილობს გაუმკლავდეს რუსული აგრესიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს.
დიპლომატიამ მთავარი და აქტიური როლი უნდა ითამაშოს, რათა მშვიდობამ დაისადგუროს.
უკრაინის ომის გავლენა ეკონომიკაზე რიგით მეორე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ენერგორესურსების ფასების რეკორდული ზრდა, მაღალი ინფლაცია, ნედლეულის დეფიციტი, ვალის ზრდა და სესხის გაძვირება ზიანს აყენებს ბიზნესს და ამცირებს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობას. ეს პრობლემები სასწრაფოდ და შეთანხმებულად უნდა გადაწყდეს, რათა ეკონომიკის სტაბილურობა არ დაირღვეს.
კლიმატი
კლიმატის კრიზისის გადაჭრა 2023 წელს პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მონრეალში COP15-ის ისტორიულ შეთანხმებაში კონკრეტულად ჩაიწერა, რა ზომები უნდა გატარდეს, რომ შეჩერდეს ეკოსისტემის გავერანება და დაიწყოს აღდგენის პროცესი. გეგმა ასევე ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნების დაფინანსების გაზრდას.
მიგრანტების კრიზისი
სანამ ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკა ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილების საგანია, მიგრანტები ისევ გაურბიან ომსა და სიღარიბეს.
ბრიუსელმა წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის გაუმჯობესებას და კოორდინაციას – ეს ნამდვილი ერთიანი რეფორმებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
2023 წელი მრავალი ქვეყნისთვის, საბერძნეთის ჩათვლით, საარჩევნო წელია. პოლიტიკურმა ლიდერებმა ამომრჩეველთა გულის მოსაგებად ცხარე დებატები გააჩაღეს.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რთულია, წინასწარ ივარაუდო, თუ რა შედეგით დასრულდება ამ ქვეყანაში შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები – ან საერთოდ ჩატარდება თუ არა ეს არჩევნები.
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ინფლაცია და გაძვირებული ცხოვრება იქნება ის ორი მთაავრი ფაქტორი, რომლებიც ამომრჩეველთა ხმებზე მოახდენს გავლენას.
საინტერესოა, რამდენად მოუტანს 2023 წელი პოლიტიკურ ცვლილებებს ესპანეთს? ისევ პედრო სანჩესი შეინარჩუნებს ძალაუფლებას თუ „სახალხო პარტია“ გაიმარჯვებს? ამას ესპანელი ამომრჩეველი წლის ბოლოს საარჩევნო უბნებზე გადაწყვეტს.
მოდით, ახალი წლის მნიშვნელოვან თარიღებსაც გადავხედოთ.
პირველ იანვარს ევროზონა თავის 28-ე წევრს – ხორვატიას – უღებს კარს. ზაგრები შენგენის ზონასაც შეუერთდება.
პირველ იანვარს ბრაზილიაში ლულა და სილვა, რომელმაც ჟაირ ბოლოსნარუს უმნიშვნელო სხვაობით მოუგო არჩევნები, ოფიციალურად ჩაიბარებს პრეზიდენტის ოფისს. ქვეყნის მემარცხენე ლიდერს წინ გახლეჩილი ერის გაერთიანების რთული ამოცანა უდგას.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 16 იანვარს დაიწყება შვეიცარიის კურორტ დავოსში. ამ ფორუმის მესვეურთ სურთ, საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის პლატფორმა შექმნან.
საფრანგეთი და გერმანია ელისეის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ამ ხელშეკრულებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფრანკო-გერმანულ პარტნიორობას ჩაუყარა საფუძველი. პარიზსა და ბერლინს შორის ურთიერთობა ბოლო დროს ცოტა დაიძაბა, რაც მაკრონისა და შოლცის შეხვედრაზეც იგრძნობოდა.
6 მაისს ბრიტანეთის მონარქია თავის ისტორიაში ახალ თავს დაიწყებს, როდესაც ვესტმინსტერის სააბატოში ჩარლზ მესამის მეფედ კურთხევა გაიმართება. სასახლის განცხადების მიხედვით, ცერემონია მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო მოკრძალებულად ჩატარდება.
ევროვიზია 2022-ზე „კალუშის ორკესტრის“ გამარჯვების შემდეგ ევროვიზიის კონკურსი 13 მაისს დაიწყება. თუმცა უკრაინის ომის გამო ევროპული სიმღერის კონკურსი ლივერპულში ჩატარდება.
19 მაისს ჰიროსიმა პირველად უმასპინძლებს დიდი შვიდეულის სამიტს. იაპონიის მთავრობამ ერთ დროს ბირთვული თავდასხმის შედეგად განადგურებული ქალაქი სიმბოლურად შეარჩია, რათა მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდოს.
თურქეთი თავის ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი არჩევნებისთვის ემზადება. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ ისევ აპირებს თავისი კანდიდატურის დაყენებას.
უეფას ქალთა მსოფლიო თასის გათამაშება 20 ივლისს დაიწყება და მას ავსტრალია-ახალი ზელანდია უმასპინძლებენ. ჩემპიონის ტიტულისთვის საკმაოდ ცოტა გუნდი აპირებს ბრძოლას.
სექტემბერში ინდოეთში ჩატარდება დიდი ოცეულის სამიტი, რომლის ლოზუნგიც იქნება „ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი.“ სამიტი დღის წესრიგის მთავარი თემა ენერგეტიკა და სასურსათო უსაფრთხოება იქნება.
და ბოლოს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატის სამიტი COP28 ჩატარდება.
აბუ-დაბის ხელისუფლებას სურს, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.