მთავარისაქართველომესამე პრეზიდენტის საქმეზე სასამართლოში ორი მედიკოსი დაიკითხა

მესამე პრეზიდენტის საქმეზე სასამართლოში ორი მედიკოსი დაიკითხა

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი დაიკითხა. მრავალსაათიანი გამოკითხვის დროს, სმიტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით და რომ ეს მეტალები  მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხვდა. სმიტის თქმით, მან გამოიკვლია  სამედიცინო ჩანაწერების დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები, ასევე გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170 გვერდიანი დასკვნა.

“განვიხილე სამედიცინო ჩანაწერების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, ასევე თმების, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშების, გაფართოებული სამედიცინი ჩანაწერები და 170-გვერდიანი დასკვნა. ჩემი აზრით, ის იყო მოწამლული სხვადასხვა მეტალით, მათ შორის არის ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ბარიუმი. ამ ტიპის მძიმე მეტალები გარკვეული დროის შემდეგ გამოიყოფა სხეულიდან. გამოყოფის პროცესში წამლავენ სხვადასხვა ორგანოს. ამის შედეგად, მან განიცადა თავის ტვინის სერიოზული დაზიანება. მას აქვს პერიფერული ნეიროპათია, რაც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას თავის ტვინის გარეთ, ასევე, ადგილი აქვს კუნთების განლევას. მას საჭმლის მომნელებელ სისტემაში აქვს დაზიანება, რაც გასტრიტს იწვევს. ეს იწვევს მუდმივ დიარეას, შესაბამისად, კახექსიას და წონის მკვეთრ დაკლებას. დემენცია, რომელიც სააკაშვილს დაუდგინდა, დაკავშირებულია მის მოწამვლასთან. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, სადაც შესაძლებელი იქნება მძიმე მეტალებთან და წამლებთან დაკავშირებული დეზინტოქსიკაცია”,- აცხადებს ამერიკელი ექსპერტ-ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაადასტურა, კლინიკა „ვივამედის“ ნევროლოგმა თამარ აბაშიძემ. მისი თქმით, მაისიდან აგვისტომდე, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა, აგვისტოს ბოლოდან კი უკუსვლა დაიწყო. ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის კითხვაზე, ექვემდებარება თუ არა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელებას, მან თქვა, რომ სადაც სრულყოფილად მოხდება მისი გამოჯანმრთელება, იქ უნდა მოხდეს პაციენტის მკურნალობა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში წონის უარყოფითი დინამიკა უფიქსირდება. ჩივილი არის „ვერ ვიღებ საკვებს“. არ უთქვამს საკვებს არ ვიღებ, იმიტომ რომ რაღაცას ვაპროტესტებ. პაციენტი წარმოადგენს ჩივილს და მეც ვახმოვანებ მის ჩივილს. ტემპერატურას ტალღისებური ხასიათი აქვს, 38 გრადუსი და 38 გრადუსზე მეტიც ჰქონია. ლაბორატორიული კვლევებით მიზეზი გარკვეული არ არის. ამიტომ პროცესში ჩაერთნენ ფთიზიატრები. ცხელების სომატური მიზეზი დადგენილი არ არის. შესაძლოა, ეს იყოს ცენტრალური მიზეზით წარმოშობილი ტემპერატურა. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც არის ენცეფალოპათია, მას ახასიათებს ტემპერატურული ცვლილებები. მისი ზოგადი ნევროლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო მისი კლინიკაში შემოყვანიდან მალევე და ეს პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა. მას შემდეგ მდგომარეობის გაუარესება დაიწყო. მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დინამიკა ბოლო პერიოდში აქვს განსაკუთრებით. მე არ ვარ კომპეტენტური მისი მკურნალობის ადგილთან დაკავშირებით. ზოგადად, სადაც ჩაითვლება, რომ სრულყოფილად მოხდება პაციენტის მკურნალობა, იქ უნდა უმკურნალონ“, – განაცხადა ნევროლოგმა დაკითხვისას.

სასამართლოს ეზოში შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. მედიასთან განცხადებები გააკეთეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ და თავმჯდომარეობის კანდიდატებმა. მათ სასამართლოს, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდეს.

“დღეს გვაქვს დილემა, ჩვენ ვწირავთ მიხეილ სააკაშვილს, როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და ვეგუებით მის სიკვდილს, ამავე დროს ვეგუებით მრვალი წლით ქვეყნისთვის დასავლურ მომავალზე უარის თქმას. ყულფი არის მოჭერილი სახელმწიფოს კისერზე და გასათავისუფლებელია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, არამედ სახელმწიფოსთვის არის ევროპული განვითარების შანსი შესანარჩუნებელი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გარდა, სასამართლოს ეზოში მივიდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკოსები. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მათ საჭიროდ მიაჩნიათ სასამართლომ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საკუთარ პროცესს არ დასწრებია თავად ბრალდებული მესამე პრეზიდენტი. მას სხდომაში მონაწილეობა დისტანციურადაც არ მიუღია. სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობა მისმა დაცვის მხარემ თითქმის ერთი თვის წინ დააყენა. ამ შუამდგომლობის განსახილველად ეს უკვე მეოთხე სხდომაა. დაცვის მხარის ინფორმაციით, გამოსაკითხ მოწმეთა სია ჯერ ისევ გრძელია. მოსამართლის გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, სასამართლოს მორიგი სხდომა 30 დეკემბერს გაიმართება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend