მთავარიგადაცემებიReview Newsევრონიუსი: 2022 წლის მიმოხილვა - ირანი პროტესტის ტალღამ მოიცვა

ევრონიუსი: 2022 წლის მიმოხილვა – ირანი პროტესტის ტალღამ მოიცვა

სექტემბრიდან მოყოლებული ირანი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. ხალხის რისხვა ახალგაზრდა ქალის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. იგი ე.წ. მორალის პოლიციამ ჩაცმულობის მკაცრი წესების დარღვევის გამო დაპატიმრა.

მაჰსას გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა განცხადა, რომ დაპატიმრებულ ქალს პოლიციამ სასტიკად სცემა. ამ ბრალდებებს პოლიცია და მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ.

დემონსტრანტები არ ეთანხმებიან  ოფიციალურ განცხადებას, ამიტომ  პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება.

გამოსვლებში ყველა თაობის ირანელი მონაწილეობს. აქციაზე ნახავთ ყველა ასაკის, სქესისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ახალგაზრდები აქტიურობენ.

ქვეყანაში ინტერნეტსერვისები შეფერხებულია, რაც მომიტინგეებთან კონტაქტს ართულებს. თუმცა აქციები მაინც შეუპოვრად გრძელდება.

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საპროტესტო მოძრაობის შესახებ თავის პირველ საჯარო განცხადებაში უსაფრთხოების ძალებსა და პოლიციას მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

მან მიმდინარე პროცესების მართვაში ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა. ამ ბრალდებას კრიტიკოსები არ ეთანხმებიან.

ამის პასუხად  მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო ტალღის გაძლიერების მოწოდებები გაისმა.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა რამდენიმე მოზარდი, რომლებიც საპროტესტო აქციას უნომრო ფურგონიანი ავტომობილებით შეუერთდნენ. ბოლო მონაცემებით, აქციის ორი ახალგაზრდა  მონაწილე დასაჯეს სიკვდილით.

50-ზე მეტმა ცნობილმა ფრანგმა ქალმა ირანელი ქალების გასამხნევებლად და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გადაიღო და გაავრცელა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ  თმას საკუთარი ხელით იჭრიან. შვედმა დეპუტატმა აბირ ალ-საჰლანიმ კი სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეიჭრა თმა და ირანში ძალადობის შეწყვეტა მოითხოვა.

თმის შეჭრის აქცია მთელმა მსოფლიომ გაიზიარა.

სპარსული სიმღერა „ბარაი“, რომელიც ითარგმნება, როგორც “ამისთვის” ან “ამის გამო”, წინააღმდეგობის მოძრაობის არაოფიციალური ჰიმნი გახდა. მისი ავტორი, ირანელი პოპმომღერალი შერვინ ჰაჯიპური, სიმღერის ინტერნეტში გამოქვეყნებიდან მალევე დააპატიმრეს. საპროტესტო მოძრაობა თანდათან ირანის მოქმედი რეჟიმის დამხობის მოწოდებაში გადაიზარდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend