მთავარიგადაცემებიპრიზმა„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2022 წელი შეაჯამა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 2022 წელი შეაჯამა

ფონდმა 2022 წელს 53 დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება

მამუკა ჯავახიშვილი 2008 წელს ცხინვალში იბრძოდა. მაგრამ ამ ომში,  ნაღმებსა და ტყვიებს გადაურჩა.
მისი ჯანმრთელობის დაზიანება  საერთაშორისო სამშვიდობო მისიას უკავშირდება. იგი 2010 წელს ავღანეთში სამხედრო თარჯიმნად იმყოფებოდა.
ბაზაზე ყოფნისას, მის კარავს  ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი დაეცა, და მამუკამ ორივე თვალი დაკარგა.

„ძალიან დიდი ტერიტორია იყო ბაზის, მაგრამ მაინცდამაინც ჩემს ოთახში ჩამოვარდა ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი. როგორც მისი მონაცემებიდან გამომდინარეა, ტანკს აჩერებს და მე ინტერვიუს გაძლევთ“, – იცინის…

მერე კი იყო არაერთი მძიმე ოპერაცია, უსასრულო დღეები… ტრავმის მიღების დღიდან მამუკა ჯავახიშვილს გვერდში დაუდგა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“. მხოლოდ მე კი არაო, ამბობს, მთელი ჩემი ოჯახი მუდმივად გრძნობს მათ მხარდაჭერასო.

„მე ბავშვი მყავს ცერებრალური დამბლით, 14 წლის ნიკოლოზი, რომელსაც ეს ფონდი უწევს თანადგომას დაარსების პირველივე დღიდან. მისი რეაბილიტაცია უკრაინაში, ოპერაცია თურქეთში, შემდეგ კიდევ რეაბილიტაცია თურქეთში, ეს რაც შეეხება ბავშვთან მიმართებაში. მაგის გარდა, მე ორივე თვალის პროტეზირება მაქვს გაკეთებული და ერთი თვალის პროტეზი ვარდებოდა თვალბუდიდან, გამაგზავნეს თურქეთში ოპერაციაზე, გამიკეთდა ოპერაცია და ეს ყველაფერი დაფინანსდა მისი მხირდან“

მამუკა ჯავახიშვილის გარდა, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მხოლოდ 2022 წელს,  52 დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება. დეკემბრის ბოლოს, სწორედ 2022  წლის საქმიანობის ანგარიში გააცნეს საზოგადოებას, ფონდის წარმომადგენლებმა. ფონდს ყოველწლიურად 300 ათასი ლარით კომპანია „სილქნეტი“ აფინანსებს, თუმცა ასევე საკმაოდ გრძელია დონორი კომპანიებისა და ფიზიკური პირების სია – მათი ძალისხმევით დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად, ფონდში წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (661 ათასი ლარი) შევიდა. აქედან 189 485 ლარით დაფინანსდა 17 ვეტერანი და 341 743 ლარით – 36 სამხედრო მოსამსახურე.

ამ თანხით კი დაჭრილ მებრძოლებს ჩაუტარდათ ოპერაციები საზღვარგარეთ, დაფინანსდა მათი არასრულწლოვანი შვილების სამედიცინო მომსახურება თუ სასწავლო კურსები… ეს სიაც საკმაოდ ვრცელია.

აფხაზეთისა და საბაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური  დაზიანებები მიიღეს, ასევე მათ არასრულწლოვან შვილებს, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ უკვე ოთხი წელია მხარში უდგას. ფონდი 2018 წელს კომპანია „სილქნეტმა“ დააფუძნა და ამ ხნის განმავლობაში ასობით დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება.  ფონდის გამგეობის ადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ უკვე დაჭრილი სამხედროებისა და ვეტერანების მეუღლეებსაც დაეხმარება ფონდის კრიტერიუმების შესაბამისად.

ფონდის წლის შემაჯემებელ ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები ინგლისური ენის შემსწავლელ კურსების გაივლიან  British Corner-ის მეშვეობით.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-თანაც თანამშრომლობს. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ძლიერთა თამაშებში საქართველო 2014 წლიდან იღებს მონაწილეობას. ფონდმა „ინვიქტუსისგან“ მიიღო გრანტი, რომლითაც ქართველი დაჭრილი მებრძოლების გუნდი მჯდომარე კალათბურთის ეტლებს შეიძენს. მომავალ წელს „ძლიერთა თამაშები“ დიუსელდორფში გაიმართება, ქართველი მებრძოლები კი უკვე აქტიურად ემზადებიან ამ თამაშებისთვის.

საზეიმო შეკრებაზე, რომელიც ამავე დროს ფონდის ანგარიშიც იყო, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც იმყოფებოდა:

დაჭრილ მებრძოლთა ფონდის შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი რანგის ოფიცრები, ამერიკის თავდაცვის სფეროში უშიშროების ოფისისა და ნატოს სამეკავშირო ოფისის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეები.

საღამოს მსვლელობისას „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ სხვადასხვა კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა უკვე ჩარიცხეს თანხები. ფონდში, ტრადიციულად 300 ათას ლარს ჩარიცხავს კომპანია “სილქნეტი”.

იმისთვის, რომ ფონდი მომავალშიც დაეხმაროს საქართველოსთვის ბრძოლაში დაჭრილ მებრძოლებს. იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული საცხოვრებელი პირობები და ნაკლებად შეაწუხონ მიღებულმა მძიმე ტრავმებმა.  ამას ფონდი უკვე წლებია წარმატებით ართმევს თავს. ეს ყველაფერი კი გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია, რასაც საფუძველი სილქნეტმა ჩაუყარა „დაჭრილ მებრძoლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend