ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი – დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა, პარლამენტში ფაქტობრივად ჩავარდა.
რეკომენდაციის შესრულებისთვის ვადა მმართველმა პარტიამ თავად განისაზღვრა – 2022 წლის დეკემბერი.
ახლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპოზიციამ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებული ისეთი კანდიდატები წარადგინა, რომელთა მიმართაც მმართველ გუნდს ნდობა არ აქვს.
ამიტომაც ვერც ერთ კანდიდატზე ვერ მოხდა პოლიტიკური თანხმობა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია სამოქალაქო სექტორის მძევალი აღმოჩნდა ამ კონკრეტულ საკითხში.
„სამწუხაროდ, მივედით იქ, სადაც ვიყავით თავში. თუკი ოპოზიციის მიდგომა იყო, „ქართული ოცნება“ გარკვეულ გვირაბში მოექცია, სადაც ბოლოში არის ერთი გამოსავალი, სწორედ ეს არის, სადაც ოპოზიციის ნაწილმა მიიყვანა პროცესი. თურმე არანაირი აზრი არ ჰქონდა არც გასაუბრებას, არც ინტერვიუს. ყველა უნდა დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მას მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა და არა რომელიმე ოთახში შეკრებილმა რამდენიმე „ენჯეომ“, როდესაც მათ კანდიდატები დაასახელეს. ფეხი ვერ მოუცვალა ოპოზიციის ნაწილმა და ვერც კი გაბედეს, რომ რომელიმე სხვა კანდიდატზე ეფიქრათ გარდა იმისა, რომელიც „ენჯეოების“ მხრიდან იყო დასახელებული. ეს არის რეალობა. დაასახელეთ სახელი და გვარები, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ ხართ თანახმა, ისინი ყველანი რამდენიმე „ენჯეომ“ დაასახელა დახურულ კარს მიღმა, დახურული პროცესით, კორპორატიულად. სამწუხარო განვითარებაა, როცა რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობს პარლამენტს თავისი გადაწყვეტილება თავს მოახვიოს, დაასახელოს კანდიდატები და შემდეგ წნეხის ქვეშ ჰყავდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ განგებ ჩააგდო ომბუდსმენის არჩევის საკითხი და ოპონენტებთან პოლიტიკურ ვაჭრობას იმისთვის აგრძელებს, რომ საბოლოოდ სასურველი კანიდატი გაიყვანოს ამ თანამდებობაზე.
“ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ გამიზნულად დაბოლოდ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. ეს იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილნი არიან შესაბამისი კვალიფიკაციის და ნდობის მქონე კანდიდატები. ეს თავისი შეფასებით დაადასტურა, მათივე შექმნილმა კომისიამაც. ამ შეფასებებში ჩანდა, რომ ის სამი კანდიდატი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა დამოუკიდებელი მუშაობით შეარჩიეს და სემდეგ ჩვენც მხარი დავუჭირეთ, სრულად აკმაყოფილებენ ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო კრიტერიუმებს. „ოცნებას“ უბრალოდ სურს, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავდეს რეალურად დამოუკიდებელი ომბუდსმენი და არ შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაცია“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
სახალხო დამცველის არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება. ამ რაოდენობის დეპუტატი კი არც ერთ პარტიას არ ჰყავს მეათე მოწვევის პარლამენტში. ამიტომ, ომბუდსმენის საკითხის ირგვლივ ოპოზიციამ და პოზიციამ ისეთ ამოცანას უნდა მიაღწიოს, რასაც პოლიტიკური შეთანხმება წარმოადგენს. პროცესი ახლა 2023 წლისთვის გადაინაცვლებს. ახალი სახალხო დამცველის არჩევა ისევ პოლიტიკური განხილვებით, სავარაუდო კონკურსებითა და კომისიების შეკრებებით გაგრძელდება.
ალეკო გვეტაძე