„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
წლის განმავლობაში ფონდმა 50 დაჭრილ მებრძოლს აღმოუჩინა დახმარება. ეს მხარდაჭერა კი მოიცავს ოპერაციებს საზღვარგარეთ, ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსებას, ასევე დაჭრილ მებრძოლთა არასრულწლოვანი შვილების სამედიცინო მომსახურებასა თუ სასწავლო კურსებს.
ფონდს ყოველწლიურად 300 ათასი ლარით კომპანია “სილქნეტი” აფინანსებს, თუმცა ასევე საკმაოდ დიდია დონორი კომპანიებისა და ფიზიკური პირების სია – მათი ძალისხმევით დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად ფონდში წელს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შევიდა.
ფონდი უკვე ოთხი წელია მხარში უდგას აფხაზეთისა და საბაჩაბლოს ომებში მებრძოლ, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს.
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი 2018 წელს კომპანია “სილქნეტმა” დააფუძნა და ამ ხნის განმავლობაში ასობით დაჭრილ სამხედროს აღმოუჩინა დახმარება.