ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს განუცხადა, რომ იგი, ახალი კოალიციის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამ ნაბიჯით ისრაელის მემარჯვენე ლიდერს ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალება მიეცემა.
„მინდა გაცნობოთ, რომ საზოგადოების იმ უზარმაზარი მხარდაჭერის წყალობით, რომელიც არჩევნებში გვქონდა, შემიძლია ჩამოვაყალიბო მთავრობა, რომელიც იზრუნებს ისრაელის ყველა მოქალაქეზე. რაც მთავარია, ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში ვაპირებ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს პარტიამ ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა. ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მეექვსე ვადით დაიკავებს, რაც ისრაელის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. სამთავრობო კოალიციაში შედიან ულტრამემარჯვენე პარტიები, მათ შორისაა ის პარტია, რომლის ლიდერიც ანტიარაბული რასიზმის გამოა გასამართლებული. ნეთანიაჰუმ განცხადება კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.