მოლდოვის მთავრობამ ზამთრის დახმარების ფონდი შექმნა, რომლითაც დაბალშემოსავლიან ოჯახებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვაში ეხმარება.
ფონდს სრულად აფინანსებს ევროკავშირი, რომელმაც 250 მილიონი ევრო გამოყო მოლდოველებისთვის.
ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 34%-ია, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი ნიშნულია და მოქალაქეთა დიდ ნაწილს კომუნალური გადასახადების დაფარვა უჭირს.
არიან ისეთებიც, ვისაც რუსეთის მიერ ქვეყანაში გაზის შემცირების გამო, ბუნებრივი აირი მცირე რაოდენობით, ან საერთოდ არ მიეწოდებათ. ამ ვითარებას სათავისოდ იყენებენ პრორუსული პოლიტიკური პარტიები და მოლდოველი ოლიგარქებისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურის დაფინანსებით, საპროტესტო აქციებს მართავენ. აქციის მონაწილეებს კი საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის თანხას უხდიან.
მოლდოვის ერთ-ერთი სოფელში, ბესჩერების ოჯახში შეშას ჩეხავენ. ეს მათთვის ზამთრის ცივ დღეებში, გათბობის ერთადერთი საშუალებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვას გაზის მიწოდება შეუმცირა. არადა ბესჩერების ოჯახში გაზი მილები სულ რაღაც ერთი წლის წინ შეიყვანეს. შექმნილი ვითარების გამო, მათ ისევ შეშით უწევთ გათბობა.
ზამთრის ცივი დღეების გათბობაში მოლდოვის მოსახლეობას ევროკავშირი ეხმარება. ამისთვის 250 მილიონი ევროს ოდენობის ფონდია გამოყოფილი, და გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლადაა მიმართული. ეს ხის მარაგი, ბესჩერების ოჯახს სწორედ ევროკავშირის დახმარებით აქვს.
ხის დარიგებას სოფელ ტოდირეშტის მერია უზრუნველყოფს… თავად მერი ეწვია ბესჩერების ოჯახს და ცდილობს გაარკვიოს საკმარისი იქნება თუ არა შეშის ის რაოდენობა რაც მერიამ ბესჩერების ოჯახს მიაწოდა. არკვევს რომ იანვრის ბოლომდე ეს რაოდენობა არ ეყოფათ და სავარაუდოდ კიდევ დასჭირდებათ.
ბესჩერების ოჯახში დიასახლისი საჭმლის მოსამზადებლად ბუნებრივ აირს იყენებს. მოლდოვის მთავრობის მიერ დანერგილი სისტემის მიხედვით, დაბალშემოსავლიან ოჯახებს ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება იაფად აქვთ. სხვაობას ევროკავშირი ფარავს.
იმისათვის რომ ბესჩერებმა 5 შვილი გამოკვებონ მანქანებს რეცხავენ. მძიმე შრომის სანაცვლოდ საარსებო მინიმუმზე ცოტა ანაზღაურებას იღებენ.
„მარტში ელექტროენერგიაში 15 ევრო გადავიხადეთ. ხოლო ოქტომბერში იცით რამდენი მოვიდა? 37 ევრო. ეს წინა თვეებთან შედარებით ორჯერ მეტია”, – წუხს ლუდმილა.
„გადადგეს მაია სანდუ“ – ისმის მოლდოვის დედაქალაქის ქუჩებში. აქ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პოლიტიკური პარტიები საპროტესტო აქციებს უკვე მეოთხე თვეა მართავენ. მათ მოლდოვაში უამრავ ადამიანს გადაუხადეს თანხა აქციებზე გამოსასვლელად. ამას თავად აქციის მონაწილეებიც ამბობენ.
მაია სანდუმ კი ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ გაზის სანაცვლოდ ქვეყნის ნაწილის გაყიდვას არ აპირებდა.