მთავარისპორტიარგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალში “ალბისელესტემ” ხორვატიას 3:0 მოუგო. პირველი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. ლეგენდარულმა არგეტინელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და 11 გოლით მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების ბომბარდირი გახდა, 35 წლის შემტევმა გაბრიელ ბატისტუტას რეკორდი მოხსნა. არგენტინელთა ახალგაზრდა შემტევმა, ხულიან ალვარესმა კი ხორვატიის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა.

ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრების მეტოქე საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება. მსოფლიო ჩემპიონისა და ნახევარფინალში გასული პირველი აფრიკული გუნდის დაპირისპირება 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

„ეს მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალია, შესანიშნავი შანსი გვაქვს რომ კვლავ გავიდეთ ფინალში. მაროკოსთვის, რა თქმა უნდა, აქ ყოფნა უკვე დიდი წარმატებაა. თუმცა დამიჯერეთ, ისინი ამაზე არ გაჩერდებიან. მათ წარმატების გაგრძელება სურთ იმისათვის, რომ მაროკოელი ხალხისთვის უფრო მეტად იქცნენ გმირებად. ჩვენ კი ვემზადებით თამაშისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შესაბამის დონეზე უნდა ვიასპარეზოთ, არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე”, – განაცხადა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, უგო ლორისმა.

„მსურს შევცვალო მიდგომა იმის შესახებ რომ ნახევარფინალში გასვლა ჩვენი მაქსიმუმია. შეიძლება იფიქროთ რომ გიჟი ვარ, თუმცა ჩვენ მუნდიალის ფინალში გასვლა გვსურს. ჩვენთვის საკმარისი არ არის ის, რომ პირველი აფრიკული გუნდი ვართ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. ჩვენი მეტი გვინდა, ამიტომაც მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბის წევრები მზად არიან ყველაფერი გააკეთონ და ისეთივე სენსაციური გამარჯვება მოიპოვონ, როგორიც ბელგიასთან, ესპანეთთან და პორტუგალიასთან წარმატების მიღწევა იყო. ნახევარფინალში მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფია, როდესაც გაქვს სურვილი, პასუხისმგებლობა და გულშემატკივრის მხარდაჭერა, გამარჯვება შესაძლებელია. მე მაროკოელი მწვრთნელი ვარ და მიყვარს ჩემი ქვეყანა”, – ამბობს მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვალიდ რეგრაგი.

საფრანგეთის ნაკრებმა პლეიოფში პოლონეთსა და ინგლისს მოუგო, მაროკოელებმა კი სენსაციური გამარჯვებები ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების წინააღმდეგ მოიპოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend