ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
ევროპის სამშვიდო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულმა ომმა უკიდურესად სერიოზული გავლენა მოახდინა ევროპის რეგიონის სტაბილურობაზე. საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა ომი და კარგად ესმის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების ფასი. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მედეგობას ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებით, სტაბილურობითა და მდგრადობით თავდაცვის სფეროში, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის საშუალებით. ევროკავშირის მხრიდან 20 მლნ ევროს ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი ახლახან დამტკიცდა ბრიუსელში. ეს დაეხმარება საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო, მობილობისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებს მოხმარდება… რელევანტური, არალეტალური შეიარაღების მიწოდებით, მარაგებითა და მომსახურებით, ასევე ტრენინგებისთვის საჭირო აღჭურვილობას. ახალი დახმარების პაკეტით საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება 30 მლნ ევროს გადააჭარბებს ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის ფარგლებში. გასულ წელს საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 13 მლნ ევრო შეადგინა, რომელიც გამიზნული იყო საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის სამედიცინო მარაგების შესაძენად, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. აღნიშნული დახმარება განხორციელების ეტაპზეა. ქართული მხარის მიერ ახალი დახმარების შესახებ თხოვნა უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღო, რაზეც ერთსულოვანი თანხმობა განაცხადა ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ. ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტი ხელს უწყობს საქართველოს მედეგობის გაძლიერებას ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.