COP27 კლიმატის ცვლილების სამიტიდან ერთი თვის შემდეგ კანადაში COP15 ბიომრავალფეროვნების სამიტი იწყება. 196 ქვეყნის მიზანი ცხოველებში სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირებაა.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ველური ცხოველების პოპულაცია 1970 წლიდან 69%-ით შემცირდა. შემცირების სწრაფი ტემპი კი ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებითაა გამოწვეული.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის გლობალური კონსერვაციის ხელმძღვანელის ჯენ ჰეკინგის თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყნები სამოქმედო გეგმის საერთო ჩარჩოზე შეთანხმდნენ. მას მიაჩნია, რომ ხმელეთისა და ზღვის ცხოველების დაცვით, მსოფლიოს შეუძლია თავიდან აიცილოს მასობრივი გადაშენების მეექვსე ეტაპი.
„აუცილებელია, შევინარჩუნოთ ის გარემო და არეალი, რომლებიც ბუნებაში გვაქვს. ასევე ჩვენი მიზანია ხმელეთის, ტბებისა და ოკეანეების 30% შენარჩუნდეს, 2030 წლისთვის კი აღდგეს გლობალური ეკოსისტემა. ამისთვის კი მხოლოდ 8 წელი დაგვრჩა”, – ამბობს ჯენ ჰეკინგი.
2030 წლის გეგმა ის მიზანია, რომლისკენაც ქვეყნები მიისწრაფვიან. ჯენ ჰეკინგი ასევე ამბობს, რომ სამიტმა ხალხს სწორად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ შეცვალონ არსებული მავნე ტენდენციები. პრობლემა კი სერიოზულია, რადგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით სახეობაა გადაშენების პირას.
„ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ამ ნაბიჯებით სპილოს ვერ გადავარჩენთ აფრიკაში. თუმცა საკვების ნარჩენების შემცირება შესაძლებელია. რას ნიშნავს ეს? ძალიან ბევრს ვყიდულობთ? ძალიან ბევრს ვყრით ნაგავში? რესტორნები ყრიან ძალიან ბევრ ნარჩენს? კვლევების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკვების ნარჩენები გავანახევროთ. თქვენ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამან სპილო აფრიკაში გადაარჩინოს? ნარჩენის შემცირება ნიშნავს, რომ პალმის ზეთის წარმოებისთვის კიდევ ერთი ჰექტარი მიწის გაჩეხა აღარ დაგვჭირდება“, – ამბობს ჯენ ჰეკინგი.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით COP-ის არცერთი მიზანი ბოლომდე არ შეუსრულებიათ. ამ ტენდენციის შესაცვლელად მხარეებს 2 კვირა ექნებათ.