მთავარიგადაცემებითვითმხილველიბელგიის საემიგრაციო პოლიტკა, როგორც ევროპული საემიგრაციო პოლიტიკის კრიზისის ნიშანი

ბელგიის საემიგრაციო პოლიტკა, როგორც ევროპული საემიგრაციო პოლიტიკის კრიზისის ნიშანი

ავღანეთიდან, აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული ასობით ადამიანი ყოველ დილით ბრიუსელის ლტოლვილთა ოფისის კარზე აკაკუნებს, რათა ბელგიაში თავშესაფარი ითხოვოს.

„ბელგიის თავშესაფრის მთხოვნელთა მიმღები ფედერალური სააგენტო“ ე.წ. „ფედასილი“ (Fedasil) საქმეს ვეღარ აუდის. ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს.

“ვისაც აქ სძინავს, ხშირად ის ხალხია, რომელმაც გუშინ ან გუშინწინ სცადა შენობაში შესვლა, მაგრამ ვერ შეძლო,“ – გვიხსნის  ჰელენ ასელმანი, VLUCHTELINGENWERK VLAANDEREN-ის  კოორდინატორი. „ისინი ხვალ ან ზეგ ისევ უნდა მობრუნდნენ. ამასობაში მათ ბელგიაში არაფრის უფლება არ აქვთ, არ აქვთ სტატუსი, არ ცხოვრობენ ლეგალურად. იმ ადამიანებსაც არ აქვთ თავშესაფარი, რომლებმაც უკვე მიმართეს თხოვნით, განსკუთრებით მარტოხელა კაცებს.

სულ უფრო ხშირად ვხვდებით 15 წლამდე არასრულწლოვანებს  და ოჯახებს ოთხი მცირეწლოვანი შვილით, რომლებსაც არაფერი ეშველათ.

ვცდილობთ, სასწრაფოდ ვიპოვოთ გამოსავალი, მაგრამ მართლა ვღელავ, რადგან ამ დღეებში აცივდება და ჩვენ კი გამოსავალს ვერ ვიპოვით.“

იმ ასობით ადამიანიდან, რომლებსაც ევროპული ქვეყნის დედაქალაქის ქუჩებში სძინავთ, რამდენიმეს გავესაუბრეთ. თითოეული მათგანი ამბობს, რომ უკვე რამდენჯერმე სცადა ბედი. ისინი გადაიღალნენ.

“ჩვენ რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ. უკვე ოთხი თვეა, ბელგიაში ვართ და არც საცხოვრებელი მოუციათ და არც სიმბარათები. ამ ყინვაში ვცხოვრობთ, ემიგრაციაში იმიტომ წამოვედით, საკუთარი მომავალი შეგვექმნა. მაგრამ რა მდგომარეობაშიც საკუთარ ქვეყანაში ვიყავით, იგივე გვაქვს აქაც,“ – ამბობს მუჰამედ მაჰანი,  პალესტინელი ლტოლვილი.

ჯანდაცვის საგანაგაშო მდგომარეობა

თავშესაფრის თხოვნის ცენტრიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“ მობილური კლინიკა მოაწყო, ისეთი, როგორსაც ომის ზონაში აკეთებენ. ეს ერთადერთი გზაა, რათა ამ ხალხს ჯანდაცვაზე წვდომა ჰქონდეს.

“არსებული სამედიცინო ვითარება შემაშფოთებელია,“ – ღელავს დავიდ ვოგელი,  ორგანიზაციის DOCTORS SANS FRONTIERES („ექიმები უსაზღვრებოდ“) ადვოკატი. „მუნის ეპიდემია დაიწყო, რომლის კონტროლიც ბრიუსელში ძალიან რთულია, რადგან ეს უსახლკარო ხალხი საღამოს ისევ ქუჩაში ბრუნდება. გვქონდა  დიფტერიის 17 საეჭვო შემთხვევა, სამი ლაბორატორიულად დადასტურდა. ქუჩაში ხანგრძლივად მცხოვრები ხალხის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობაც უარესდება, რაც თან დაერთო რთული მიგრაციის პროცესს, რომელსაც ახლდა ძალადობა და უსახსრობა.  და ამ მხრავაც მდგომარეობა გაუარესებულია, რაც ძალიან გვაღელვებს.“

მიუხედავად ამისა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივოსტების მიერ მოწყობილ ე.წ. ჰუმანიტარულ ცენტრთან სადილობის დროს გრძელი რიგი დგება. ერთ-ერთი კოორდინატორი გვეუბნება, რომ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის.

კლოტილდა ბოდსონი, ბრიუსელის ჰუმანიტარული ცენტრის ოპერაციული კოორდინატორი:

“დღეში 1000-1200 კერძი მიგვაქვს, ერთი წლის წინ 800 სულზე მოგვქონდა. ვთავაზობთ სპეციალურ მომსახურებას, როგორიცაა  სამედიცინო შემოწმება, ფსიქოლოგიური დახმარება, ტანსაცმელი და ა.შ. სამოქალაქო საზოგადოება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები  სხვადასხვაგვარად ეხმარებიან, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ვცდილობთ, ყველაფრით დავეხმაროთ, რაც საჭიროა, რადგან სახელმწიფო უმოქმედოა,  ის უბრალოდ არ მუშაობს.“

ასობით ადამიანს ქუჩაში სძინავს

ყოველ საღამოს მაშველები სულ უფრო მეტ შემოვლას ასრულებენ, რათა იმ ასობით ადამიანს დაეხმარონ, რომლებიც იძულებული არიან, ქუჩაში  დაიძინონ.

კრიზისი ისე გამწვავდა, რომ სულ უფრო მეტი უკრაინელი ლტოლვილი რჩება სიცივეში. არადა, ისინი ბელგიაში, ისევე, როგორც მთელ ევროპაში, სპეციალური სტატუსით სარგებლობენ. მაგალითად, ის ორი ქალი, რომლებსაც ბრიუსელის ცენტრში მთავარ რკინიგზის სადგურზე  შევხვდით.

“სულ სხვადასხვა ადგილას მიწევს წასვლა, რომ დროებით თავშესაფარში გავათენო ღამე,“ ამბობს უკრაინელი ლტოლვილი   ლუბოვ სკვორეცი. „მაგრამ იმ თავშესაფრებში ისეთი მდგომარეობაა, რომ მხოლოდ ერთი ღამის გათევა შეიძლება. მერე უნდა აკრიფო შენი ბარგი და სხვაგან გადახვიდე.“

“როდესაც დავრეგისტრირდი, წარვადგინე იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ კიბო მაქვს, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი ღამით შემასახლეს ქალაქის ცენტრში, ჰოსტელში. მხოლოდ ერთი ღამით. მთელი კვირა ამ ვაგზალზე ვათევ ღამეს“, – ყვება ტატიანა მაკუხა, უკრაინელი ლტოლვილი.

მაგალი პრეტი, ორგანიზაცია  Samu Social Brussels-ის წარმომადგენელი:

“წითელი ჯვრის“ მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ყოველდღე ასობით უკრაინელი ჩამოდის „მიდის“ Midi სადგურზე და 100 კაციდან 40-50 ისეთია, რომლებიც  დამოუკიდებლად ვერ დაბინავდებიან. ამ 40-იდან 20 ძალიან უმწეოა, ბავშვები ახლავს ან ფეხმძიმედაა, შშმ პირია ან ავადაა. და მათ ეუბნებიან, რომ ადგილი აღარ არის. ჰოდა, ხალხი მოდის, მერე მიდის და ისევ უკან ბრუნდება. ასეთი ამბებია ბოლო დროს.“

ეს ორი ქალი ერთ ღამეს  გაატარებს გადაუდებელი დახმარების თავშესაფარში,  სადაც მათ ორგანიზაცია „სამუ სოუშალის“ გუნდი წაიყვანს. მაგრამ მეორე დღეს ღამის გასათევი ისევ საძებარი ექნებათ.

საერთაშორისო თავშესაფრის მსურველები

ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები შემოვლას აგრძელებენ, ამჯერად იმ ადამიანებს ათვალიერებენ, რომლებსაც საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სურთ.

როგორც აქ, თავშესაფრის მაძიებლებზე პასუხიმგებელი სააგენტოს ერთ-ერთი ცენტრთან ხდება. ბელგიის „წითელი ჯვრის“ გუნდიც აქ არის.

„ჩვენ დამატებით შემოვლას ვაწარმოებთ, რადგან ეს საჭიროა,“ – ამბობს  მორგან სენდენი, „წითელი ჯვრის“ ბელგიის ოფისის წარმომადგენელი. „ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხს მართლა სჭირდება იმაზე მეტი დახმარება, ვიდრე ვეხმარებით. იმიტომ, რომ ბევრი არაფერი მოგვაქვს, ეს არის ყავა, ჩაი და ცოტა საჭმელი…“

ბევრს პირდაპირ იატაკზე გაფენილ ლეიბზე სძინავს, ყოველგვარი დაცვის გარეშე. მათ თვითნაკეთ კარვებსა და იქ შეფარებულ ჯგუფებს გამუდმებით შლის პოლიცია.

აქაც, ისევე როგორც ნიდერლანდებსა თუ საფრანგეთში –  საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, ევროპის წარუმატებელი საიმიგრაციო პოლიტიკის ფასს თავშესაფრის მსურველები  იხდიან.

ევროკავშირის ერთი  სახელმწიფო თუ უარს ეტყვით, ისინი მეორე ევროპულ სახელმწიფოში იტანჯებიან თავშესაფრის  უზრუნველყოფის ცუდი მენეჯმენტის გამო.

ბელგიის სახელმწიფოს საქციელი დაუწუნეს

სასოწარკვეთილ მიგრანტთა ჯგუფები ცარეილ შენობებს იკავებენ.  ერთ უზარმაზარ შენობაში შესახლებული ჯგუფშის წევრების  რაოდენობა სულ რამდენიმე დღეში 200-დან 600-მდე გაიზარდა.

მარი დუტრეპონი იმ ჯგუფის რამდენიმე წევრს წარმოადგენს, რომელსაც გამოსახლება ემუქრება. მარი იმ ადვოკატთა კოლექტივის წვერია, რომლებიც დაუღალავად შრომობენ საერთაშორისო დაცვის მოსაპოვებლად

მარი დუტრეპონი, ადვოკატი:

„ერთი წლის განმავლობაში ფედერალური სააგენტო  Fedasil-ი და, შესაბამისად, ბელგიის სახელმწიფო  7000-ჯერ დაგმო შრომის სასამართლომ, რომელმაც განაცხადა, რომ მან პატივი უნდა სცეს კანონს და ამ ხალხს თავშესაფარი მისცეს, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს სააგენტო არ დაემორჩილა ან იმდენად გააჭიანურა აღსრულება, რომ უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ადვოკატებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, რომელმაც  დროებითი ზომების ფარგლებში დაამტკიცა, რომ კანონს პატივი უნდა სცენ და ეს ხალხი თავშესფარში განათავსონ.

და რადგან ეს არ სრულდება, ეს ხალხი არაჰუმანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი ხდება. და ამის შემდეგაც კი არაფერს აკეთებს ბელგიის სახელმწიფო!“

ყველა, ვისაც კი აქ შევხდვით, თავშესაფრის მსურველად უკვე რამდენიმე კვირის ან თვის წინ დარეგისტრირდა.

ნასრულა ჰალიტი ავღანეთში ჯარისკაცი იყო. იგი ბაგრამის ციხეში მუშაობდა.  თალიბანის ახალი  მთავრობის ზოგიერთი წევრი საპატიმროში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო, სანამ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ახლა მისი სიცოცხლე საფრთხეშია. საფრთხეშია ჟან დე დიეც, რომელიც ბურუნდიში პასტორი და ადამიანის უფლებათა დამცველი იყო.

ორივეს მოგვიანებითაც შევხვდით,  მათ მსგავს სხვა ბედკრულებთან ერთად, რომლებიც ადვოკატების მიერ მოწყობილ დემონსტრაციაზე მოვიდნენ თავშესაფრისა და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს შენობის ახლოს.

მარი დუტრეპონი, ადვოკატი:

„რისთვის ვისხამთ ადვოკატის მანტიას, რა აზრი აქვს ჩვენს საქმეებზე მუშაობას, სარჩელის შეტანას, პროცესის მოგებასა და განაჩენის შუამდგომლობას, თუკი სახელმწიფო ამ ყველაფერს უბრალოდ ფეხით გათელავს. და ქალებს, ბავშვებსა და კაცებს ქუჩაში შეგნებულად დატოვებს! ამიტომ ვითხოვთ ბელგიისგან, დღესვე აღასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები!“

არც თავშესაფრისა და მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო და არც ლტოლვილების განთავსებაზე  პასუხისმგებელი სააგენტო ინტერვიუზე არ დამთანხმდა. კრიტიკაზე ორივე ინსტანციის პასუხი სახსრების ნაკლებობაა, მთავრობა ევროპული სოლიდარობის  ნაკლებობასაც  უჩივის. დემონსტრაციის მონაწილეები ამ არგუმენტებს უსუსურს უწოდებენ, რადგან საქმე გადაუდებელ დახმარებას ეხება.

ავტორი: ვალერი გორე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend