ზედა ზღვარი, რომელიც ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასზე დააწესა, 5 დეკემბრიდან შევა ძალაში, რაფინირებულ პროდუქტებზე კი -2023 წლის 5 თებერვლიდან.
27 წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთ ბარელზე ფასი მაქსიმუმ 60 დოლარი ან 57 ევრო იქნება, თუმცა ამ დროისთვის მისი ღირებულება დაახლოებით 65 დოლარია.
უკრაინა ევროპას მოუწოდებდა, რომ ზედა ზღვარი 30 დოლარი ყოფილიყო. რუსეთი კი გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრებოდა.
მოსკოვმა ვენესუელასა და ირანში ნაყიდი ტანკერების ფლოტი მოამზადა, რომ თავისი პროდუქტი იმ ქვეყნებში გაყიდოს, რომლებიც სანქციებს არ უერთდებიან.
ფასის ზედა ზღვრის დაწესება დასავლეთის სანქციების ნაწილია, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღეს. მათ რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პუტინი უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს მაინც აგრძელებს.