მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიინტერვიუ ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროს მკვლევართან, ჰანა შელესტთან

ინტერვიუ ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროს მკვლევართან, ჰანა შელესტთან

უკვე 9 თვეა რაც რუსი სამხედროები უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ და უკრაინელი ერისა და შეიარაღებული ძალების გატეხვას ცდილობენ. უკრაინულმა არმიამ რუს სამხედროებს უკან დაახევინა კიევიდან,  ხარკივიდან და ხერსონიდან.

ზამთარი დადგა და ახლა კრემლში იმედი აქვთ, რომ სასურველს უკრაინის ზამთარში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვებით მიაღწევენ. „ევრონიუს ჯორჯია“ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ესაუბრა ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროს მკვლევარს, ჰანა შელესტს.

ჟურნალისტი : დოქტორო შელესტ, დიდი მადლობა, დროს რომ გვითმობთ!

ჰანა შელესტი : დიდი მადლობა მოწვევისთვის!

ჟურნალისტი : უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი მიიღო, რა ეტაპზეა კიევის ინტეგრაცია ევროკავშირში?

ჰანა შელესტი: დიახ, ივნისში ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ გაწევრებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელიც ამ პროცესის პირველი ნაბიჯია, კიდევ 7 რეკომენდაციის შესრულებაა საჭირო ჩვენი მხრიდან. ეს რეკომენდაციები კლასიკური ხასიათისაა და ეხება ანტიკორუფციულ საკითხებს, მართლმსაჯულების რეფორმასა და ასე შემდეგ. თეორიულად ამ პროცესის დასრულებას ახალ წლამდე ვგეგმავდით. რეკომენდაციების ნახევარი შესრულებულია და წინ ჯერ კიდევ ერთი თვეა. ეს იქნება ევროკავშირისთვის ნიშანი, დაიწყოს თუ არა ჩვენთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი ახალი წლის შემდეგ.

ჟურნალისტი : ოკუპანტები უკრაინულ ქალაქებსა და ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავენ. მათ იმედი აქვთ, რომ უკრაინელ ერს გატეხენ. ამჯერად მინდა, გკითხოთ არა ჯარისკაცებზე, არამედ უკრაინის მოქალაქეებზე, თუ რა წვლილი მიუძღვით მათ ამ ომში.

ჰანა შელესტი : ტაქტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია იყენებს ბოლო რამდენიმე თვეა, შეიძლება შეფასდეს როგორც ტერორიზმი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს ყველასთვის პოპულარული ტერმინია.  რას ნიშნავს ტერორიზმი? ტერორიზმი ის ქმედებაა, რომელიც ტერორის, შიშის, პოლიტიკური ამოცანების შესრულების მიზნით გამოყენება. რუსული არმია ომს აგებს როგორც ჩრდილოეთის, ასევე სამხრეთის ფრონტის ხაზებზე.  სწორედ ამიტომ ჩაგრავენ ისინი მშვიდობიან მოსახლეობას, ჩადიან სამხედრო დანაშაულს. ყველამ ვიცით გატაცებების, წამების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა მოხდა ბუჩაში, ირპინსა და ბევრ სხვა ქალაქში, მაგრამ ბოლო ხანებში რუსული მხარე ტერორს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მიმართავს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ხარ, ფრონტის ხაზზე თუ ათასი კილომეტრის დაშორებით. ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება თავდასხმის მსხვერპლი გახდე. კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა, გათბობის სისტემები, ელექტროსისტემა ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ობიექტებზე მიაქვს რუსეთის ფედერაციას სარაკეტო იერიშები. სამწუხაროდ, ველით, რომ ეს გაგრძელდება. რუსული მედია ამ ქმედებას ხოტბას ასხამს. რუსი მოქალაქეები კი სოციალურ მედიაში აცხადებენ, რომ, როგორც იქნა, ეს პროცესი დაიწყო და საშუალება მიეცათ, რომ უკრაინა დაესაჯათ.

ჟურნალისტი : ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს,  რომ ზამთარში ტემპერატურის ვარდნასთან ერთად საბრძოლო მოქმედებების ეფექტიანობაც შემცირდება.  ზოგი ანალიტიკოსი კი პირიქით ფიქრობს, რომ იერიში გაძლიერდება. თქვენი აზრით, რა არის მოსალოდნელი ფრონტის ხაზებზე უახლოეს პერიოდში?

ჰანა შელესტი : სიმართლე ორივე მოსაზრებას აერთიანებს. ზამთარი თავისთავად დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტემპერატურა ძალიან დაიწევს და საბრძოლო მოქმედებების ტემპიც დაეცემა. მაგრამ ამავე დროს ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს უკრაინა იმ შეიარაღებას, რომელსაც დაგვპირდნენ. თუ სახელმწიფოს აღმოსავლეთში ძალიან აცივდება, ეს ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული, მეორე მხრივ კი, სამხრეთის რეგიონში ცივი ტემპერატურა ჩვენს საქმეს, პირიქით, უფრო წაადგება, ვინაიდან ტალახი გაიყინება და სამხედრო ტექნიკას გადაადგილება არ გაუჭირდება. ამავე დროს უკრაინულ არმიას, რუსული არმიისგან განსხვავებით, ზამთრისთვის შესაფერისი უნიფორმებიც აქვს და ყველაფერიც, რაც ზამთარში ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო შესაძლებლობებს გაზრდის.  უკრაინელ სამხედროებს თუნდაც დროებით შესვენება  არ სურთ. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტში პაუზა მხოლოდ რუსულ მხარეს წაადგება, რადგან ამ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მობილიზებული მოქალაქეების გაწვრთნა, სამხედრო რესურსებისა და ბრძოლის ველზე ბევრი სხვა დანაკლისის შევსება. გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ უკრაინული არმია არ შეჩერდება. ამინდი გავლენას თავისთავად იქონიებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინისათვის მიწოდებული შეიარაღების რაოდენობა და სისწრაფეა.

ჟურნალისტი : რას ფიქრობს უკრაინელი საზოგადოება საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და ზოგადად ქართული საზოგადოების მიდგომაზე?

ჰანა შელესტი : მიმაჩნია, რომ უკრაინელი საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების განწყობებს განსხვავებულად  აღიქვამს. უკრაინაში მადლიერი არიან იმ მხარდამჭერი აქციებისთვის, რომლებიც თქვენს ქალაქებში იმართება. ჩვენ ვიხილეთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა, ჩვენ ვაფასებთ ქართული ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოწოდებულ ჰუმანიტარულ დახმარებასაც, ასევე საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობასაც. ეს ყველაფერი აშკარაა. უკრაინელი ერი ქართველი ერის მადლიერია. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ვიტყოდი, რომ კითხვები არსებობს. ერთი მხრივ, ნათელია, რომ საქართველო მოსკოვისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა. საქართველო იცავს ამ სანქციებს, სხვადასხვა სახელმწიფოსგან განსხვავებით, მაგრამ ამავე დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები უკრაინასთან, უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან თუ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ცოტათი გაუგებარია.  ეს ბევრ კითხვას აჩენს. ასევე რუსულ მხარესთან ურთიერთობები, საზღვრების გახსნა რუსეთთან, პირველ რიგში, საქართველოს უქმნის საფრთხეს. რუსეთის ფედერაციიდან შემოსული მოქალაქეები ამ ომს არ გმობენ, გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ ბევრი რამ გამოსასწორებელია როგორც კომუნიკაციის, ასევე თანამშრომლობის მიმართულებით.

ჟურნალისტი : როგორ ხედავთ უკრაინის გამარჯვებას ამ ომში?

ჰანა შელესტი : უკრაინაში ამ საკითხს მარტივად უყურებენ. ახლა  ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებაა უზენაესი მიზანი. ეს ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისთვის. საქმე ტერიტორიულ მთლიანობას არ ეხება, რომ ესა თუ ის ქალაქი აუცილებლად უკრაინული უნდა იყოს. თქვენ ნახეთ კადრები გათავისუფლებული ხერსონიდან. ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით ადამიანებისთვის, რომელთაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი მიწებიდან რუსული არმიის გასვლაა, ყირიმის დაბრუნებაა, რადგან ეს დაიწყო ყირიმში და უნდა დასრულდეს ყირიმში. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სამართლიანობაა ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი, პოლიტიკური. ყველა უკრაინელი იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებმაც  ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენ გვსურს ტრიბუნალის გამართვა არა მარტო ბატონი პუტინის გასამართლებისთვის, არამედ ყველა იმ პირისა, რომლებმაც უკრაინულ მიწაზე დანაშაული ჩაიდინეს.

ჟურნალისტი : გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა!

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend