ევროზონაში მზარდი ინფლაციის მაჩვენებელმა ამ კვირაში, ოქტომბრის 10.6-პროცენტიან მონაცემებთან შედარებით, 10 პროცენტამდე დაიწია, თუმცა ჯერ კიდევ რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის ივნისიდან ეს ინფლაციის დონის შემცირების პირველი შემთხვევაა.
საწვავისა და კომუნალური ხარჯების შემცირებამ, გარკვეულწილად, შეამსუბუქა მოქალაქეებზე ზეწოლა, თუმცა ფასები იზრდება ისეთ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორებიცაა საკვები, თამბაქო და ალკოჰოლი.
ინფლაციის მაჩვენებელი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გამო განსაკუთრებით ევროპის ქვეყნების ეკონომიკა დაზარალდა.
დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, მოსკოვმა მილსადენების გავლით შეამცირა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ნაკადი. რუსეთის ეს გადაწყვეტილება ევროპელმა ლიდერებმა ენერგეტიკულ ომად შეაფასეს.