მთავარიმსოფლიოNATONATO ერთგულია 2008 წლის გადაწყვეტილების - უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყნები...

NATO ერთგულია 2008 წლის გადაწყვეტილების – უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრი ქვეყნები გახდებიან

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების მეორე დღეს, დიპლომატიური პროცესის ეპიცენტრში ნატოს მოკავშირე სახელმწიფოები მოექცნენ.

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან ძალაში რჩება.

“ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ვისწავლეთ უკრაინაში რუსული ინტერვენციიდან გახლავთ ის, რომ მოკავშირე სახელმწიფოების დახმარება სწორედ ახლაა საჭირო. სასურველია, რომ, რაც შეიძლება მეტი დახმარება გავუწიოთ პარტნიორ სახელმწიფოებს, ეს სახელმწიფოები კი რუსეთის ზეწოლის ქვეშ არიან, მათი დახმარება საჭიროა ახლა, ვიდრე ვითარება განვითარდება იმგვარად როგორც ეს უკრაინაში ვიხილეთ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მაგალითად, საქართველოში ჩვენ გვაქვს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სადაც მრავლად არიან ნატოს ინსტრუქტორები. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორი სახელმწიფოების დახმარებას რათა ჩვენსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს. ეს საწვრთნელი ცენტრი კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას. ამავე დროს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას არსებული ფორმატებით, რომელიც გაძლიერებულ მხარდაჭერას გულისხმობს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი დაგმო კრემლის მიერ უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშები და განაცხადა, რომ ნატო ყველა ღონეს იხმარს უკრაინისათვის ამ მიმართულებითაც დახმარების გაწევის მიზნით.

“უკრაინული არმიის მიერ ომში სტრატეგიული ინიციატივის მოპოვების ფონზე, ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მთავარი სამიზნე უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობაა. უკვე რამდენიმე კვირაა, რაც რუსული მხარე უკრაინის ენერგოსისტემას ბომბავს და შედეგად მისი მესამედი განადგურებულია, უკრაინის მოსახლეობა კი სიბნელეში და სიცივეში იმყოფება მაშინ როდესაც ტემპერატურა ეცემა“, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულება მადლიერია ალიანსის მიერ მისი სახელმწიფოსათვის გაწეული დახმარებისათვის და ამ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთში არსებული ერთსულოვნებისთვის.

“როდესაც არ გაქვს ელექტროენერგია, არ გაქვს სასმელი წყალი შენ უკვე საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ხარ და გჭირდება შესაბამისი დახმარება. ბუქარესტში გამართული შეხვედრებისას მე მივიღე დასტური, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება და მხოლოდ ერთს დავამატებდი, რომ უკრაინელი ერი მადლიერი იქნება თუ ეს დახმარება მოხდება, რაც შეიძლება სწრაფად და გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ბუქარესტში მიმდინარე შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ შვედეთის, ფინეთისა და ბოსნია ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც.

“ჩვენ ფინურ და თურქულ მხარეებთან საკმაოდ კარგი შეხვედრები გვქონდა. შეხვედრების შედეგად დიდი პროგრესია. მალე სამივე მხარე მადრიდში ხელმოწერილი საერთო მემორანდუმით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილშტრომმა.

ნატოში აცხადებენ, რომ უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში გააგრძელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend