მთავარისაქართველო„დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს ვენეციის კომისია განიხილავს და დასკვნას მოამზადებს

„დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტს ვენეციის კომისია განიხილავს და დასკვნას მოამზადებს

დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონს მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ“.

ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით, კანონის საბოლოო კენჭისყრამდე მის შინაარსსა და კონტექსტს ვენეციის კომისია განიხილავს. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ის ახლაც ვერ ხედავს ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის საჭიროებას, თუმცა „ქართულ ოცნებაში“ პარტნიორების „თხოვნას“ ითვალისწინებენ. „თხოვნაში“ კი კობახიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის წარმომადგენელთა მოწოდებებსა თუ მითითებებს გულისხმობს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, ვენეციის კომისიაში ამ კანონპროექტის გაგზავნის თაობაზე. ამის მიზეზი იყო თხოვნა, რომელიც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მხრიდან საჯაროდ მოვისმინეთ. მისი რეკომენდაცია იყო ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა. ასევე შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან და ასეთი თხოვნა მისგანაც მოვისმინეთ. ახლაც მგონია, რომ ამ დოკუმენტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ რადგან ასეთი თხოვნები იყო, მხედველობაში მივიღეთ და შესაბამისად, კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ოპოზიციის ერთადერთი მიზანი, რატომაც ვენეციის კომისიაში ამ კანონის გაგზავნა უნდოდათ, მისი ამოქმედების და დეოლიგარქიზაციის შეფერხება იყო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად მიიღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ესეც ფორმალური პოლიტიკური ნაბიჯია „ქართული ოცნების“ მხრიდან. “ქართული ოცნების” გარდა, კანონპროექტის საკუთარი ვარიანტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას, სავარაუდოდ “ნაციონალური მოძრაობაც” აპირებს.

„ვენეციის კომისიაში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გაგზავნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვენეციის კომისია მხოლოდ ნორმატიულ აქტს არ აფასებს, კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებით შედის განხილვაში, ცოცხალ პროცესში, როგორ იმუშავებს ნორმატიული აქტი დროსა და სივრცეში. ანუ, ყველა კომპონენტს განიხილავს და მსჯელობა იქნება საქართველოში არსებულ დემოკრატიულ, ოლიგარქიულ მდგომარეობაზე. დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ოლიგარქიის მთავარი თვისება მედიის ფლობა კი არ არის, მთავარი თვისებაა ჭარბი ფინანსური გავლენების გამოყენება. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე, როგორც ოპოზიციას მოუწევს ამ კანონპროექტის მხარდაჭერა. ვენეციის კომისია ადგენს როგორც სამართლებრივ საკითხებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულობაზე იწყებს მსჯელობას. დარწმუნებული ვარ, ოლიგარქიის პრობლემაზე იქნება საუბარი, მსჯელობა, აზღვევს თუ არა რისკებს კანონპროექტი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნას, დადებითად აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. გავრცელებულ განცხადებაში, საელჩო წერს: –

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“.

იმის მიუხედავად, რომ ახლა კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია, მმართველი პარტიის განცხადებით,  პარლამენტმა ევროკავშირთან აღებული ვალდებულების ფარგლებში, წლის ბოლომდე მაინც უნდა მიიღოს ეს კანონი.

სანქციების ამოქმედება კი კანონის მიღებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყება. „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ თუ ამ ვადაში ვენეციის კომისია მათთვის მისაღებ შენიშვნებს გამოთქვამს, კანონში ცვლილებებს შეიტანენ.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend