მთავარისაქართველოსაუბარი აფხაზეთზე

საუბარი აფხაზეთზე

"აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" ინიციატივით შეხვედრა გაიმართა

რა ხდება აფხაზეთის კულტურულ ცხოვრებაში? რა ხდება პირობითი საზღვრის აქეთ თუ იქით? იცის ამ ამბების შესახებ ახალგაზრდობამ? აი, ამაზე საუბრობდნენ “აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს” ინიციატივით გამართულ საგანგებო შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები.

საუბრობდნენ ძველი კოლხეთის გასტრონომიულ კულტურაზე, საქართველოზე და ევროპულ რუკებზე, იმაზე თუ როგორ მოიხსენიებდნენ აფხაზეთს ქართველი მწერლები თავიანთ შემოქმედებაში და მრავალ სხვა ამბავზე…

რუკა, რომელზეც ისტორიკოსი, გიორგი კალანდია, მიგვითითებს ერთ-ერთია იმ ბევრ სხვა რუკას შორის, რომლებიც მან დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან გამოიწერა და შეისწავლა. სწორედ ამ რუკების საშუალებით, გიორგი კალანდიამ, აფხაზეთის კულტურული საკითხების შესახებ გამართულ კონფერენციაზე სტუმრებს აუხსნა თუ როგორ არის აფხაზეთი სხვადასხვა პერიოდის რუკებზე დატანილი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მასალა საქართველოსთვის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ  სახელმწიფო იდეოლოგია ამ თვალსაზრისით მოიკოჭლებს. არ არსებობს საზოგადოებრივი იდეოლოგიაც კი იმისათვის, რომ ეს მასალა რაც შეიძლება მეტად იყოს ხელმისაწვდომი, რაც შეიძლება მეტად იცნობდეს ამას, როგორც ქართული ასევე უცხოური საზოგადოება იმიტომ, რომ ეს რუკები სინამდვილეში არის ძალიან კარგი ისტორიული დოკუმენტები იმ ისტორიული სამართლიანობის გადმოსაცემად რამ გამოიწვია კონფლიქტი, რასთან გვაქვს საქმე და როგორია თუნდაც სამომავლო ხედვა. ამ თემაზე საქართველოში სახელმწიფო იდეოლოგია არასოდეს არ არსებობდა. კონფლიქტის დაწყების მომენტიდან ეს იყო ძალიან ქაოტური დამოკიდებულება, ემოციებზე აგებული. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მეცნიერების, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლების და იმ ადამიანების გასაკეთებელი საქმე, ვისაც ეს აფხაზეთის თემატიკა აწუხებს და აფხაზეთის თემაზე ფიქრობს“,- ამბობს ისტორიკოსი გიორგი კალანდია.

შეხვედრაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ აფხაზეთი საქართველოს დიდი კულტურის ნაწილია. ამ ყველაფრის დასადასტურებლად კი ქართველი მწერლების შემოქმედებაზე იყო საუბარი და აფხაზეთის როლზე ამ შემოქმედებაში.

„მე არ მეგულება ისეთი ქართველი მწერალი, ვინც ერთხელ მაინც არ შეხებია ამ თემას. არა მხოლოდ ოკუპაციის შემდეგ, არამედ ოკუპაციამდეც. ამას ძალიან დიდი ფესვები აქვს. ლიტერატორებმა ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ განვიხილეთ ილია ჭავჭავაძის მოგზაურობა აფხაზეთში და როგორი შეხვედრა მოუწყვეს სოხუმელებმა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც გემით მოემგზავრებოდა ფოთამდე და ხელში აყვანილი გამოიყვანეს სანაპიროზე. თვითონ ილია ჭავჭავაძის სიტყვა,რომლითაც მან დამსწრე საზოგადოებას მიმართა სოხუმში 1903 წელს, ეს იქცა ერთგვარ საპროგრამო ანდერძად აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის. მაგალითად გალაკტიონ ტაბიძემ ერთადერთი სახლი აიშენა და ეს იყო ქალაქ სოხუმში. მისი სახლი დღესაც არსებობს და სავალალოა ყველაფერთან ერთად ის ამბავი, რომ გალაკტიონის სახლში მცხოვრებმა ადამიანმა შესაძლოა საერთოდ არ იცის ვის სახლში ცხოვრობს“- განაცხადა ჟურნალ “რიწას” რედაქტორმა, ნანა ქარდავამ.,

ხალხის სულის შეცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გასტრონომიული კულტურის შესწავლაა. სწორედ ამაზე ისაუბრა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტმა, დალილა ცატავამ და სტუმრებს არა მხოლოდ აფხაზეთის, არამედ ძველი კოლხეთის გასტრონომიული კულტურა გააცნო.

„ჩვენ რომ ცალკე აფხაზურ მენიუს გადავხედოთ უბრალოდ შესაძლოა სახელები ჟღერდეს სხვანაირად, თორემ შინაარსი ერთი და იგივეა. მათი გასტრონომიული მთავარი მახასიათებლები ერთი და იგივეა. ადათები, რიტუალები, წესები, ცხოვრების პირობები, რაც კულტურასთან, იდენტობასთან, ეთნოსის ფორმირებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი ჩვენ გვაქვს ერთნაირი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთიანი დიდი კულტურის ნაწილი ვართ. არსებობს ასეთი გამოთქმა, გასტროდიპლომატია ანუ გასტრონომია შეიძლება გახდეს ელჩი. სწორედაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ კულტურებს შორის ურთიერთობას ვაყალიბებთ და ამ ურთიერთობის განმტკიცება და დამტკიცება გვჭირდება. სწორედ ამის გამოხატულება არის ის, რომ მეგრულ-ქართული და ზოგადად აფხაზური ყველაფერთან ერთად, არის ერთიანი სატრაპეზო მაგიდის ნაწილი“, – აცხადებს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, დალილა ცატავა.

საუბარმა კარგა ხანს გასტანა. და ყველა სტუმარი განურჩევლად, იმაზე საუბრობდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითოეულმა ჩვენგანმა ბევრი და რაც შეიძლება ხშირად უნდა ისაუბროს…

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend