მთავარისაქართველო„მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას იწვევს

„მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას იწვევს

სამაუწყებლო მედიით სიძულვილის ენის ტირაჟირების შეზღუდვის მოტივით, მმართველი პარტია კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებებს გეგმავს.

ამ ცვლილებების თანახმად, კანონის ახალი მუხლით განისაზღვრება იმ პირთა უფლება, რომელთა ინტერესები, რეპუტაცია და სახელი სატელევიზიო გადაცემაში არასწორი ფაქტების გადაცემით დაზიანდა. ცვლილებების გათვალისწინებით, პასუხის უფლება იმ პირს მიენიჭება, ვისი უფლებაც ამ კუთხით დაირღვა. ამის იდენტიფიცირებისა და დასანქცირების უფლება კი კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებულია და ბრალდებები, რომლის მიხედვით თითქოს მაუწყებლის შინაარსში ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება, მცდარია.

„ეს ცვლილება მიიღება აქტიური კონსულტაციების შედეგად. ეს ერთი მოცემულობა. მეორე ის, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, ჩვენს მიერ ხორციელდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადაწყვეტილებით. თუ კი აღსრულების ეფექტური მექანიზმი იარსებებს კანონში, ეს რა თქმა უნდა ვერ იქნება ჩარევა მედიის საქმიანობაში. ეს არის ჩვენი პასუხი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაურეგულირებელი საკითხების მოწესრიგება მოხდება. თუმცა, მათთვის მიუღებელია ის მუხლი, სადაც მაუწყებლის საქმიანობაში შესაძლო ჩარევა სახელმწიფოს კიდევ უფრო გაუმარტივდება.

„ჩვენ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია, რომ მარეგულირებელ ორგანოს ჰქონდეს შინაარსში შესვლის და განსჯის უფლება. ამის გარდა, „ქართული ოცნების“ ვარიანტში საუბარი არის, რომ მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მედიამ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს და ამის შემდეგ შეუძლია მას გასაჩივრება. ეს და კიდევ სხვა ცვლილებები, მედიის რეგულირების არსებულ მიდგომას კი არ აუმჯობესებს, არამედ აუარესებს. ეს კი ჩვენის მხრიდან მხარდაჭერას ვერ გამოიწვევს. არის ცალკეული საკითხები, რასაც ჩვენ ვეთანხმებით, თუმცა მთავარი და გადამწყვეტი ხმის მიცემისას, ეს თემები იქნება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მედიაკომპანიების შიდა თვითრეგულირებაში, სახელმწიფო ორგანოს რაიმე ფორმით ჩარევას და „ქართულ ოცნებას“ ალტერნატიულ ცვლილებებს სთავაზობენ.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი აცხადებს, რომ მაუწყებლების  თვითრეგულირების ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პირდაპირ მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ.

„ჩვენ მმართველ პარტიას ვთავაზობთ კორეგულირების მექანიზმის შემოტანას, რომელიც გულისხმობს დამატებითი ორგანოს შექმნას. ის უნდა დაკომპლექტდეს დარგის სპეციალისტებით. მაუწყებლებს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ თავად წარადგინონ შესაბამისი პირები. შემდეგ, ეს პირები იმსჯელებენ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. თუ მედიაკომპანიის მიერ არ მოხდება მათი გადაწყვეტილების აღსრულება, ამის შემდეგ მოხდეს მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოს გარკვეულ ასპექტებში ჩართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომელიც მედიის თავისუფლებას დააზიანებს“, – განაცხადა მარიამ გოგოსაშვილმა.

მედიის წარმომადგენელთა და დამოუკიდებელ პირთა ჩართულობით, თვითრეგულირების ცალკე ჯგუფის შექმნის თანაინიციატორიაკოალიაცია – მედიის ადვოკატირებისთვის“ ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე. მისი თქმით, უმჯობესია, თვითრეგულირების ცალკე ჯგუფი შეიქმნას. შემდგომ კი ამ შემადგენლობამ გადაწყვიტოს რა ჩაითვალოს დარღვევად და რა არა.

„პარლამენტი მისი ამ კანონპროექტით გვთავაზობს თვითრეგულირების ჩანაცვლებას რეგულირებით, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ ვამბობთ, რომ პირიქით – თვითრეგულირება უნდა გაფართოვდეს და დამოუკიდებელი სპეციალისტების ჩართულობით მოხდეს ასეთი შემთხვევების განხილვა. სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის მარეგულირებლის მედიის შინაარსში რაიმე ფორმით ჩარევა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების დიდი ნაწილი იზიარებს სამოქალაქო სექტორის შენიშვნებს და მმართველ პარტიას მოუწოდებს არ იჩქაროს ცვლილებების გატარება.

კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებების შეტანა, ევროკავშირთან დადებული „ასოცირების ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში ხდება. თუმცა, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, ეს ცვლილებები არა არსებულის გაუარესებისთვის, არამედ გაუმჯობესებისთვის უნდა მოხდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend