რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორი გახდა, ნათქვამია კვლევაში, სახელწოდებით „რუსული კაპიტალი საქართველოში“, რომლის ავტორიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ცენტრია USAID-ისა და Zink Network-ის დახმარებით.
კვლევის პრეზენტაცია დღეს, 28 ნოემბერს გაიმართა. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 2022 წლის ივნისის მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი საქართველოს ბაზრის 64-65% შეადგენს.
ამასთან ერთად, კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2010-2022 წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა რუსულ კომპანია „ლუკოილთან“ საავტომობილო საწვავის მიწოდებაზე 3 ათასამდე ხელშეკრულება გააფორმეს და 200 მილიონი ლარის საწვავი შეიძინეს.
2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან შემოსული საწვავის საერთო რაოდენობამ 33% შეადგინა, რაც დაახლოებთ 198 ათასი ტონაა და მაისის თვის მონაცემებს 5%-ით აღემატება. კვლევის, სახელწოდებით „რუსული კაპიტალი საქართველოში“, ავტორები ამბობენ, რომ ერთი თვის შუალედით 5%-იანი სხვაობა ძალიან მაღალია.
ამ მონაცემების თანახმად, რუსეთი საქართველოში ნავთობპროდუქტების ნომერ პირველი იმპორტიორია და რუსეთიდან საწვავი საქართველოში არსებული 5 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 4-ს შემოაქვს.
2021 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ ბუნებრივ აირში გადახდილი თანხა სრული იმპორტირებული გაზის ღირებულების 22%-ს შეადგენდა, 2022 წლის პირველ 6 თვეში კი ეს რიცხვი 14,6%-ია. ხოლო რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოში რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის წილი 25%-ია. აქ, ისევე როგორც ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
კვლევის ავტორები ურჩევენ საქართველოს მთავრობას, რომ ქვეყნის სტრატეგიულ ობიექტებზე რუსული კვალი შეამცირონ.
ანანო ღუდუშაური