საფრანგეთში, ლა-მანშის სრუტესთან, სანაპიროზე, დემონსტრანტებმა იმ 27 მიგრანტის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ სრუტის გადაკვეთისას დაიღუპნენ. მიგრანტები, რომელთა უმეტესობა ირანელი იყო, საფრანგეთიდან ინგლისში ჩასვლას გასაბერი ნავებით ცდილობდნენ, თუმცა მათი მათი ნავი ღამით ზღვაში ჩაიძირა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„ერთი წელი, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოცდაშვიდი ადამიანი დაიღუპა. ეს ის მიგრანტები იყვნენ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში თავიანთ ელდორადოს ეძებდნენ, ისინი აქ დაიღუპნენ. ეს შორს, მსოფლიოს მეორე მხარეს არ მომხდარა. არამედ აქ, დიუნკერკის სანაპიროზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გვახსოვდეს”, – იხსენებს გრანდ-სენტის მერი მარშიალ ბეიაერტი.
მედიაში გავრცელდა იმ გამოძიების ანგარიში, რომელსაც ფრანგული მხარე აწარმოებდა. დოკუმენტში წერია, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის საზღვაო სამაშველო ჯგუფები რეაგირებისთვის ერთმანეთს ელოდებოდნენ.
პირველი განგაშის პირველი ზარი მაშინ შემოვიდა, როდესაც ნავი ჯერ კიდევ საფრანგეთის წყლებში იყო, თუმცა მალევე ბრიტანეთის საზღვარი გადაკვეთა. მიგრანტების დასახმარებლად სამაშველო ნავი არცერთ მხარეს არ გაუგზავნია.
„თუ წყალში შესვლა იმ ნავის დასახმარებლად მოგვიწია, რომელზეც ასი ადამიანია, არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ჩვენ პატარა ნავებზე მაქსიმუმ ორმოცდაათი, სამოცი ადამიანი თუ ეტევა. და მერე რა? რას ვეუბნებით იმ ორმოც ადამიანს ვინც დარჩება? რომ „მოითმინეთ, ცოტა ხანში დავბრუნდებით?“, – ამბობს დიუნკერკის საზღვაო სამაშველო ასოციაციის პრეზიდენტი ალენ ლედაგენელი.
ბრიტანეთის მთავრობას აქვს პროგრამები, რომლებიც მიგრანტების დახმარებას ითვალისწინებს, თუმცა ისინი ძირითადად უკრაინელ და ავღანელ ლტოლვილებს ეხება. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ბრიტანეთში თავშესაფარს ეძებენ, იძულებული არიან, ლა-მანშის სრუტე ნავებით გადაკვეთონ.