მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს, რუსეთმა შეწყვიტოს „ენერგოტერორი“

უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვს, რუსეთმა შეწყვიტოს „ენერგოტერორი“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მოუწოდებს,  აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე საჰაერო იერიშების მიტანა.

განცხადება პრეზიდენტმა გაავრცელა რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, რომლის შედეგად ენერგოქსელი კიდევ უფრო დაზიანდა. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. სარაკეტო თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეებიც ემსხვერპლნენ.

ვოლომიდირ ზელენსკი საბჭოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს რეზოლუციას, რომელიც გმობს ნებისმიერი სახის ენერგოტერორიზმს. თუმცა რუსეთის ვეტოს უფლების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, მოწოდებამ შედეგი გამოიღოს.

მისი თქმით, ენერგოტერორი ერთგვარი იარაღია მასობრივი განადგურებისა და როდესაც ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცემა, მილიონობით ადამიანი ენერგორესურსების მარაგების, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

შეერთებული შტატები რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის ცივ ზამთარს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.  მას სურს,  ისედაც დატანჯული უკრაინელი ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობამდე მიიყვანოს. რუსეთის ელჩმა უარყო ბრალდებები და უკრაინისა და მისი პარტნიორების განცხადებები უგუნურ მუქარად და ულტიმატუმად შეაფასა.

ევროპარლამენტი კი უკრაინელების დახმარებას ცდილობს. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყო.

კამპანიის მიზანია, რომ ევროპულ ქალაქებში შეგროვებული დენის გენერატორები უკრაინელებს გადასცენ და ამით დაეხმარონ მოსახლეობას მკაცრი ზამთრის გადატანაში.

უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით,  პრეზიდენტ პუტინს იმედი აქვს, რომ ენერგორესურსების გარეშე დარჩენილი ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ამით კი უკრაინის მთავრობის მიმართ მხარდაჭერაც შესუსტდება.  თუმცა რუსეთის მოლოდინი არ მართლდება. პირიქით, მისი აგრესიული ქმედება კიდევ უფრო აძლიერებს უკრაინელებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend