მთავარისაქართველოსოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვიოლა სპოლინის მეთოდის ვორქშოპები გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ვიოლა სპოლინის მეთოდის ვორქშოპები გაიმართა

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მეოცე საუკუნის ამერიკული თეატრის მნიშვნელოვანი ნოვატორის, ვიოლა სპოლინის მეთოდის ვორქშოპები გაიმართა.

ვორქშოპებს ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და პედაგოგი ჯეისონ ჰეილი ატარებს და მასში სხვადასხვა თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

სპოლინის მეთოდი განსაკუთრებულია. იგი გულისხმობს რეკრეაციულ თამაშებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც იმპროვიზაციაზეა დაფუძნებული. ხუთდღიანი ვორქშოფები 24 ნოემბერს დასრულდება.

სხვადასხვა თეატრალური დასის მსახიობები მეოცე საუკუნის ამერიკული თეატრის მნიშვნელოვანი წარმომადგენლის ვიოლა სპოლინის იმპროვიზაციის ტექნიკას სწავლობენ.

სივრცის თეატრის მსახიობი უჩა თხელიძე მათ შორისაა, ვინც ვორქშოპებში იღებს მონაწილეობას. ამბობს, რომ მას ამერიკული თეატრის  ნოვატორის მეთოდის გაცნობა უნდა.

„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ყოველი ჩვენგანის განვითარებაა. თითოეული განვლილი დღე ერთი და იმავე სავარჯიშოთი მთავრდება და ყოველი დღის ბოლოს თვალსაჩინოა თითოეული ჩვენგანის განვითარება, ის, რომ უფრო კარგად გვესმის ეს სავარჯიშო“, – ამბობს სივრცის თეატრი, მსახიობი უჩა თხელიძე.

სპოლინის მეთოდი ორიენტირებულია წარმოსახვით სავარჯიშოებზე, პარტნიორთან როლების გაცვლასა და სპონტანურ თუ ინტუიციურ სწავლებაზე. თითოეული სავარჯიშოს მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და განვითარებაში დაეხმაროს.

პრაქტიკულ მეცადინეობას ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი, ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯეისონ ჰეილი უძღვება. მისი თქმით, სპოლინის მეთოდი აერთიანებს რეკრეაციულ თამაშებსა და იმპროვიზაციულ სავარჯიშოებს, რომლებიც სწავლების პროცესს ამარტივებს.

„ვიოლა სპოლინის თეორია იყო, რომ მსახიობები ისეთივე თავისუფლები უნდა ყოფილიყვნენ როლის შესრულებისას, როგორებიც თამაშისას. ამიტომ ყველა ვორქშოფისას ვასრულებთ რეკრეაციულ და ქუჩის თამაშებს. მეთოდის მეშვეობით მსახიობები თამაშებიდან ნელ-ნელა გადადიან სამსახიობო სავარჯიშოებზე. თანდათან სავარჯიშოებიც უფრო რთულდება. მიმაჩნია, რომ აქ მსახიობები უკვე ხვდებიან, რომ იმპროვიზაცია არ არის მხოლოდ ჭკვიანური რაღაცის მოფიქრება. ის ასევე გულისხმობს იმას, რომ მსახიობს შეეძლოს კონკრეტულ სიტუაციას შესაბამისი ავთენტურობით მოერგოს“,- ამბობს ბილკენტის უნივერსიტეტის თეატრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯეისონ ჰეილი.

სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ვიოლა სპოლინის მეთოდოლოგიიის მიხედვით, სახელოვნებო მეცადინეობა 5 დღე გრძელდება. ინიციატორები არიან ნანა დემეტრაშვილის ფონდი, სოხუმის თეატრი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი, ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრა და ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.  სწორედ მათი თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამერიკული თეატრის ამ მეთოდის საქართველოში დანერგვა.

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის თქმით, ქართველი მსახიობებისთვის ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მას საქართველოში პირველად წარმოადგენენ.

„ვიოლა სპოლინის მეთოდი ცნობილია ამერიკის თეატრის ისტორიაში. ეს ერთ-ერთი ძირეული მეთოდია. ეს არის იმპროვიზაციის, განვითარების, მსახიობის ოსტატობის დახვეწის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. მიმაჩნია, რომ ამის ჩამოტანა გაამდიდრებს ქართულ თეატრს, ქართველ მსახიობებს და ჩვენს თეატრს“, – ამბობს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით საყვარელიძე.

ორგანიზატორების თქმით, ვიოლა სპოლინის მეთოდის გამოყენება საქართველოში მხოლოდ ერთჯერადი პროექტი არ იქნება და ჯეისონ ჰეილთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ქართველებმა და ჯეისონ ჰეილმა  ერთობლივი სპექტაკლის დადგმის სურვილიც გამოთქვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend