საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე, საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში არც ძლიერი ინსტიტუტები არსებობს, არც ინსტიტუტების პატივისცემა. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით მართლმსაჯულების რეფორმა და ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანა უმთავრესია. პრეზიდენტის თქმით, ეს არის გზა იმისათვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს საქართველოში საბჭოთა სისტემა.
“ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა, არის მთავარი. მთავარი არის იმიტომ, რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან.
ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება. ის ფაქტი, რომ ქართველმა დაწერა პირველი კონსტიტუცია, ეს ნიშანდობლივია და გვახსენებს იმას, სად ვიყავით და სად ვართ. ახლა ვართ პირველ ნაბიჯებზე, ვითომ დღეს დავიბადეთ და გვეუბნებიან, მოდით და იმუშავეთ ამ კუთხით. ჩვენ იქ ვიყავით, იქ უნდა დაბრუნდეთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.