რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ნახევარკუნძულზე მოიგერიეს დრონების 2 თავდასხმა, რომელთაგან ერთ-ერთის სავარაუდო სამიზნე ელექტროსადგური იყო.
ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლიდან არის ანექსირებული. კიევის მთავრობა კი საზოგადოებას ჰპირდება, რომ აუცილებლად დაიბრუნებს ტერიტორიას.
რუსეთის მიერ დანიშნული გუბერნატორი მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ მათი საჰაერო თავდაცვის ძალები ამ წუთებშიც მუშაობენ. მათ ორი უპილოტო საფრენი აპარატი უკვე ჩამოაგდეს. მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.
ყირიმის ოფიციალურმა პირებმა ასევე უარყვეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მარიონეტულმა ხელმძღვანელობამ გავრცელებულ ამბებს სიცრუე უწოდა.
რუსეთის მიერ დანიშნული ხელმძღვანელი ყირიმში, სერგეი აქსიონოვი ყირიმელებს მოუწოდებს, რომ იხელმძღვანელონ მხოლოდ გადამოწმებული ოფიციალური წყაროებით და ენდონ მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მობილიზაციისა და ევაკუაციის შესახებ.
ახლად გათავისუფლებული ხერსონიდან და მიკოლაივიდან კი ნამდვილად დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია.
უკრაინის ხელისუფლება შიშობს, რომ ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსების მიერ მიტანილი იერიშების გამო ზამთარი ამ ადგილებში გაუსაძლისი გახდება.
ამავდროულად, უკრაინის მთავრობა დასავლეთს მოუწოდებს, სანქციების მეცხრე პაკეტი განიხილოს.