მთავარიევროპაუკრაინახერსონში ექიმებს პაციენტებზე ზრუნვა სიბნელეში უწევთ

ხერსონში ექიმებს პაციენტებზე ზრუნვა სიბნელეში უწევთ

რეგიონში სასწრაფო დახმარების ექიმების მუშაობა გართულდა მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარმა სასწრაფო დახმარების მანქანების უმეტესობა წაიყვანა

ხერსონის მოსახლეობას ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშე უწევს ცხოვრება. ქალაქის ენერგო ინფრასტრუქტურა რუსულმა ჯარმა ქალაქის დატოვებამდე გაანადგურა.

უკრაინის ხელისუფლება ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს, რადგან რეგიონში საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია და წინ ზამთარია.

იმ ფონზე, როცა ხერსონში ელექტროენერგია არ არის, ექიმებს სიბნელეში უწევთ პაციენტების მონახულება, დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დანიშვნა.

გუშინ, 22 ნოემბერს ღამით ხერსონში მოქალაქემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა და ექიმები პაციენტისკენ გაემართნენ. მათი მუშაობა გართულდა მას შემდეგ, რაც რუსმა ჯარმა სასწრაფო დახმარების მანქანების უმეტესობა წაიყვანა.

ექიმები პაციენტთან გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, ელექტროენერგია ქალაქის არცერთ ნაწილში არ არის. რუსებმა რეგიონში გაუსაძლისი პირობები შექმნეს, გაანადგურეს ენერგო ინფრასტრუქტურა და ქალაქი სასმელი წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს.

მისამართზე მისული ექიმები ფარნებით ხელში ცდილობენ პაციენტის გასინჯვას. განათებაში პაციენტის მეუღლეც ეხმარება. სასწრაფო დახმარების ექიმები სხვადასხვა გზით ცდილობენ გაიგონ, რა სჭირს მათ პაციენტს, რომელმაც დახმარება მუდმივი დაბომბვის დროს ითხოვა.

გადაწყდა, რომ პაციენტი კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, თუმცა საკაცეს ვერ გამოიყენებენ, არც ლიფტები მუშაობს და მამაკაცს, რომელსაც ფეხზე დგომა უჭირს კიბეზე ჩასვლას სთხოვენ. სართულების შორის ჩერდებიან, რათა პაციენტმა დაისვენოს.

„ეს ძალიან რთულია!!! ლიფტები არსად მუშაობს. კიბეებზე მხოლოდ საკაცით არის ჩამოყვანა შესაძლებელი თუმცა ესეც რთულია რადგან რუსებმა ჩვენი ტექნიკის დიდი რაოდენობა წაიღეს“- ამბობს სასწრაფო დახმარების ექიმი, რომან იარმოლოვიჩი.

ექიმები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი ხერსონიდან გაიქცა, გამოძახებების რაოდენობა გაიზარდა. გასულ კვირას კი ერთი დღის განმავლობაში რუსულმა რაკეტამ რეგიონს ორჯერ დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი.

უკრაინის ხელისუფლებამ ხერსონის რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, მიზეზი ქალაქსა და რეგიონში არსებული გაუსაძლისი პირობები და მომავალი ზამთარია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend