მთავარისაქართველო„საიამ" სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

„საიამ” სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

სისხლის სამართლის 490 საქმეზე, ცხრამეტთვიანი მონიტორინგის შედეგების ანგარიში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საზოგადოებას წარუდგინა. 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის დროს, საიამ მთავარ პრობლემად უალტერნატივო აღმკვეთის ღონისძიების სახეებად, კვლავ გირაო და პატიმრობა დაასახელა.

ორგანიზაციამ შემდეგი მიგნებები გამოავლინა:

559 ბრალდებულიდან აღმკვეთი ღონისძიება 531 პირს შეეფარდა.

აქედან 271-ს გირაო, 260-ს კი პატიმრობა.

82 პირის მიმართ პატიმრობა დაუსაბუთებელი იყო.

33 პირს კი სასამართლომ 15 წუთში გამოუტანა განაჩენი.

„საიამ“ ყურადღება გაამახვილა ოჯახური ძალადობის საქმეებზეც. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული 6 პირი სასამართლომ დაუსჯელად დატოვა.

ანგარიშში მოხვდა ისეთი ე.წ. გახმაურებული საქმეებიც, როგორებიცაა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეები.

“სისხლის სამართლის საქმეებზე, ძირითადად ვხედავთ, რომ სასჯელის სახით გამოყენებული არის ან გირაო, ან პატიმრობა. მათი გარკვეული და მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაუსაბუთებელია. გარკვეულ შემთხვევებში გაზრდილია გამამართლებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ რის ხარჯზე. გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა, სასამართლოს მიერ ძირითადად ოჯახური ძალადობის საქმეებზე არის გამოტანილი და ამით სისტემა ამაყობს. ჩვენ ასევე დეტალურად შევისწავლეთ ე.წ. გახმაურებული საქმეები. მაგალითად, ნიკა გვარამიას საქმეზე ვთქვით, რომ გამოყენებულია პოლიტიკური მართლმსაჯულება. მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კი ყოვლად დაუშვებელი რამ მოხდა, როდესაც მას სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება ჩამოერთვა“, – განაცხადა საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ სასამართლო სისტემა ძირითადად პროკურატურის მოთხოვნებსა და დასაბუთებებს ეყრდნობა და უფრო ნაკლებად ითვალისწინებს ბრალდებულის მხარის პოზიციებს. საიას ანგარიშში ასევე მოხვდა საქმე, სადაც გამოვლინდა საგანგაშო შემთხვევა, როდესაც დაცვის მხარე პროცესზე გადახდის ქვითრით ხელში გამოცხადდა და თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების ოქმით გათვალისწინებული ჯარიმა წინასწარ გადაიხადა.

„საპროცესო შეთანხმების მიმართულებითაც, არსებითად არ შეცვლილა ვითარება და ესეც რჩება სასამართლო სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევად. მაგალითად, ერთ-ერთ პროცესზე, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით, ასეთი რამ მოხდა – მხარეებმა მიიჩნიეს, რომ უკვე ავტომატურად გამოტანილი იქნებოდა განაჩენი გირაოს შეფარდებით და მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, წინასწარ, ჯარიმის გადახდის ქვითრით გამოცხადდნენ სხდომათა დარბაზში. ეს იყო ძველი პრაქტიკა და ახლაც განმეორდა იგივე ფაქტი. ეს კი, სასამართლოს კონტროლის სუსტ მექანიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა საიას სისხლის სამართლის საქმეების ანალიტიკოსმა თამარ ბოჭორიშვილმა.

პრეზენტაციას დაესწრო ამ ანგარიშის ფინანსური მხარდამჭერი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის მოადგილე. ლუს ლამერტის განცხადებით, მისი ქვეყანა აქტიურად აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ ვითარებას და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ყველა საჭირო რეფორმა გაატარონ ისე, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები სათანადოდ იყოს შესრულებული.

„ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს შორის, ერთ-ერთი მთავარია მართლმსაჯულების რეფორმის სათანადოდ განხორციელება და ეს მრავალ კომპონენტს მოიცავს. აქედან ყველაზე მთავარი ნაწილია სასამართლო სისტემის თავისუფლებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა, რაც მოსამართლეთა სწორად დანიშვნასაც გულისხმობს. გვინდა, რომ ბალანსი ვიხილოთ იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის არჩევისას, რადგან ეს საბჭო სასამართლოს დამოუკიდებლობის ზედამხედველია. დემოკრატიული ქვეყნის მზომი ინდიკატორი არის ადამიანის უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფა, ამისთვის კი მართლმსაჯულების გაუმჯობესება აუცილებელია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ექნებათ შესაბამისი ნება, რომ ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების მხრივ ეს ყველაფერი უზრუნველყონ“, – განაცხადა ლუს ლამერტმა.

საია სასამართლო ხელისუფლებას პოლიციელების მიმართ ლოიალურობის გამოჩენაშიც ადანაშაულებს.

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია, რომ ზოგჯერ სასამართლოს განაჩენი არსებითი განხილვისა და შუამდგომლობების გარეშე გამოაქვს და არც სასჯელის კანონიერებას ასაბუთებს. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლო ხელისუფლების მაკონტროლებლებს და კანონმდებლებს, რეკომენდაციებითაც მიმართავს და მართლმსაჯულების სათანადო რეფორმისკენ მოუწოდებს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend