მთავარიგადაცემებიSpotlightკიბერუსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე კიბერსივრცეში ახალი წესრიგის შექმნაზე დაფიქრდნენ

კიბერუსაფრთხოების გლობალურ ფორუმზე კიბერსივრცეში ახალი წესრიგის შექმნაზე დაფიქრდნენ

კიბერსივრცის სქემა, რომელმაც წაშალა ყოველგვარი საზღვარი და გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე, ისე გართულდა, როგორც არასდროს.

კიბერუსაფრთხოების გლობალური ფორუმი, რომელზეც განიხილება გეოგრაფიასთან, ეკონომიკასთან, კონფლიქტებთან, ბავშვთა ონლაინდაცვასთან და კიბერსივრცეში მუშაობასთან დაკავშირებული კიბერსაკითხები,  უკვე მეორედ ჩატარდა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში.

ფორუმის ორგანიზატორების ამბიცია იყო ის, რომ ღონისძიება გლობალური ყოფილიყო. ეს განცდა ჰქონდა ფორუმზე ყველა დელეგატს, იქნებოდა ეს ანალიტიკოსი, ინოვატორი, კომპანიის ხელმძღვანელი, აკადემიური, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენელი. ფორუმს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მოსული დელეგატები დაესწრნენ.

იქ შეკრებილი დელეგატების ამბიცია იყო კიბერუსაფრთხოების ახალი წესრიგის მოფიქრება გლობალურ დონეზე, ახალი ნაბიჯების დაგეგმვა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ინტერპოლის კიბერდანაშაულის განყოფილების დირექტორმა კრეიგ ჯონსმა  საზოგადოებას კოლექტიური მუშაობისკენ მოუწოდა. მან უკვე აჩვენა ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და მონაცემთა გაზიარების წარმატებული მაგალითი.

„ჩვენ გვაქვს უსაფრთხო პლატფორმა და უსაფრთხოების ზომები, რომელთა საშუალებით შეგვიძლია, კერძო პარტნიორები სამარათალდამცველ დაწესებულებასთან დავაკავშიროთ და ოპერაცია ისე ჩავატაროთ,“ – განმარტა  კრეიგ ჯონსმა. „ამის ბოლო მაგალითი გვქონდა ნიგერიაში, სადაც კერძო პირებმა დაადგინეს ორგანიზებული დანაშაულის ქსელები. ჩვენ ჩავედით ნიგერიაში და იქაურ პოლიციასთან ერთად მოვიპოვეთ მსხვერპლთა განცხადებები მთელი მსოფლიოდან. შემდეგ ნიგერიის პოლიცია მივიდა იმ უბანში, სადაც დამნაშავეები იმყოფებოდნენ, დააპატიმრა ისინი, მათი აქტივები გაყინა და ახლა მათზე  პროკურატურაშია აღძრული საქმე.“

კიბერდანაშაულის მოუხელთებელი ბუნების გამო, რომელსაც ტექნოლოგიების განვითარება უწყობს ხელს, ჩნდება კითხვა: რამდენად შეძლებს პოლიცია კიბერდანაშაულთან ბრძოლა ყოველთვის მოიგოს, ეს ე.წ. დაჭერობანას თამაში სამუდამოდ ხომ არ გაგრძელდება?“

„ოდესმე გადაჭრილა სამუდამოდ დანაშაულის პრობლემა? არა,“ – ამბობს კრეიგ ჯონსი.  „ეს ჩვენი საზოგადოების ენდემური მახასიათებელია. ჩემი აზრით, კიბერდანაშაულის უპირატესობა ის არის, რომ ის ინტერნეტით ხდება ტექნოლოგიის დახმარებით. ჩვენ შეგვიძლია, წინ წავიდეთ, თუ ეფექტიანად ვითანაშრომლებთ კომუნიკაციის სექტორთან, კომპანიებთან, რომლებიც ინტერნეტქსელებსა და შესაბამის ინფრასტრუქტურას ფლობენ და პირველები იღებენ ინფორმაციას.“

ფორუმზე კიდევ ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვის კიბერუსაფრთხოება და მდგრადობა. ამ საკითხის ფართო პერსპექტივა წარმოადგინა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის  მმართველმა დირექტორმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებას, აქცენტი გააკეთა ზოგადად კიბერუსაფრთხოებაზე და სამთავრობო დონეზე დასვა კითხვები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ საკითხის კონტროლი.

ჯერემი იურგენსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი:

„როგორც ვნახეთ, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი  მიმართულება იყო ენერგეტიკასა და ჯანდაცვასთან, ასევე ფინანსურ მომსახურებასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული საფრთხეების ირგვლივ გაზრდილი ცნობადობა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ ბაზარზე უკვე დამკვიდრებული მოთამაშეები იმ ინოვატორებთან, რომლებსაც პრობლემის ახლებურად გადაჭრა შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტისა თუ სხვა ტექნოლოგიების საშუალებით, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ამ საფრთხეებთან გამკლავება.“

ერთ-ერთი წამაყვანი კიბერფსიქოლოგი ამბობს, რომ არსებული და მომავალი რისკების აღმოფხვრის კიდევ ერთი გზა არის ისეთი დამცავი ტექნოლოგიური სექტორის განვითარება, რომელიც ერთი ნაბიჯით ყოველთვის წინ იქნება, განსაკუთრებით ბავშვების დაცვის კუთხით. ბავშვები გამორჩეულად დიდი საფრთხის ქვეშ არიან ინტერნეტსივრცეში.

„კიბერუსაფრთხოება ფანტასტიკური რამ არის,“ – ამბობს მარი აიკენი, პროფესორი, კაპიტოლიუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  კიბერუსაფრთხოების  მიმართულების ხელმძღვანელი. „ის იცავს შენს მონაცემებს, შენს სისტემებსა და ქსელს, მაგრამ  ვერ იცავს ადამიანს, როდესაც ის ინტერნეტსივრცეშია. ძალიან კარგი ამბავი ის არის, რომ აშკარად ვხედავთ ახალი ინტერნეტის უსაფრთხოების ტექნოლოგიის განვითარების ნიშნებს, იმავე უსაფრთხოების დამცავ ტექნოლოგიებს. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები და ახლა იბადება უსაფრთხოების ტექნოლოგია. გამიხარდება, თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები იქნებიან ლიდერები კიბერსივრცესთან დაკავშირებით და აითვისებენ ამ ახალ მიმართულებას, ამ სექტორში ჩადებენ ინვესტიციებს და განავითარებენ მას“.

შესაძლოა, დღეს არსებული პრობლემები კარგად არის აღწერილი და არგუმენტირებული. მაგრამ ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მომავლის ტექნოლოგია, განსაკუთრებით მომავალი თაობის კომპიუტერები სულ სხვა გამოწვევების წინაშე დაგვაყენებს.

პროფესორი მიჩიო კაკუ, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის სპეციალისტი:

„ფრთხილად იყავით! სილიკონის ველი შესაძლოა ე.წ. ჟანგიან სივრცედ გადაიქცეს, რადგან ახალი ტექნოლოგია ჩანს ჰორიზონტზე – კვანტური კომპიუტერები, რომლებიც გამოთვლის დროს ჩვეულებრივი ტრანზისტორების ნაცვლად ატომებს იყენებენ.“

ეს ფუტურისტი ამბობს, რომ რაც  მეტი ყურადღება დაეთმობა ტექნოლოგიის ცვლილებასა და მასთან დაკავშირებულ კიბერსაფრთხეებს და რაც მეტი ინფორმაცია გავრცელდება ამასთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება.

პროფესორი მიჩიო კაკუ, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის სპეციალისტი:

„როდესაც ადამიანი პირველად იგებს კიბერუსაფრთხოების კონცეფციის შესახებ, პირველი, ვინც თვალწინ უდგება, არის ჯეიმს ბონდი. ის ფიქრობს, რომ ეს არის ჯაშუში ჯაშუშის წინააღმდეგ. ხალხი ათასგვარ სისულელეს წარმოიდგენს, რაც შესაძლოა რომელიმე ქვეყანამ გამოიყენონ,  რათა სხვა ქვეყანას სიმართლე დაუმალოს. ეს კონფერენცია სხვადასხვა ხალხს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებას ემსახურება, უნდობლობის რღვევასა და იმ ყალბი ინფორმაციის გაბათილებას, რომელიც ასე უხვად ვრცელდება. მისი მიზანია, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, მშვიდობისა და სამართლიანობის მხარდაჭერა.  აი, ამ ყველაფერს ემსახურება ფორუმი.“

სწორედ ეს იყო წლევანდელი ფორუმის მონაწილე დელეგატების მთავარი გზავნილი, რადგან, როდესაც მომავალ წელს ისევ შეიკრიბებიან, უფრო მეტი საიმედო უთხრან მშობლებს, ბიზნესმენებსა და მთავრობას. ამავე დროს უკეთ აღასრულონ სამართალი კიბერდამნაშავეებთან დაკავშირებით დღვანდელ ტექნოლოგიურ სამყაროში, რომელიც ყოველ წუთს იცვლება.

ავტორი:  რებეკა მაკლაფლინ-ისთამი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend