მთავარიევროპაუკრაინარუსი სამხედროები ხერსონს კვლავ ბომბავენ

რუსი სამხედროები ხერსონს კვლავ ბომბავენ

როდესაც ცხრათვიანი ოკუპაციისგან გათავისუფლებით გამოწვეული ეიფორია ჩაცხრება, ხერსონის მოქალაქეებს მძიმე ზამთართან გამკლავება მოუწევთ. რუსმა სამხედროებმა წყლის, გათბობისა თუ ელექტროენერგიის სისტემები, ფაქტობრივად, მთლიანად გაანადგურეს. ამას ისიც ემატება, რომ რუსები ქალაქს კვლავ ბომბავენ.

„ჩვენ ძლიერები ვართ. ამასაც გადავიტანთ. ოკუპაციას გავუძელით და გადავრჩით, შესაბამისად, მათ რაკეტებსაც გავუძლებთ. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – ამბობს ადგილობრივი იური მოსოლოვი.

ხერსონიდან გასვლისას რუსმა სამხედროებმა ქალაქის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი დანაღმეს. უკრაინული ძალები ქალაქის განაღმვასა და გასუფთავებას ცდილობენ. მათი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების გაწმენდაა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებენ საცხოვრებელი შენობების განაღმვას.

„გზებზე მოძრაობა უკვე აღდგენილია. თუმცა გზიდან არ უნდა გადაუხვიო, შეიძლება იქ რაღაც იყოს. ერთმა მანქანა გზიდან ოდნავ გადავიდა და ჰაერში გაფრინდა. მსგავსი რამ კიდევ შეიძლება განმეორდეს. ბალახზეც კი შეიძლება რაღაცას დააბიჯო“, – წუხს ადგილობრივი დმიტრო.

ქალაქი ძველებურ იერს ნელ-ნელა იბრუნებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხერსონში კვლავ გაიხსნა ადგილობრივი სუპერმარკეტები.

უქმეებზე ქალაქის 24-საათიან მაღაზიაში გრძელი რიგი იყო, მოქალაქეები სუპერმარკეტის წინ ქუჩაშიც კი იდგნენ. ადგილობრივი მაქსიმ შულცის თქმით, შეუძლია ჰუმანიტარული დახმარება აიღოს, თუმცა მას ურჩევნია, საკვები მაღაზიიდან თავად იყიდოს.

„მაღაზიის გახსნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ხერსონის ყველა მცხოვრებისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის საჭმელი, რომელიც აქ გვქონდა, საშინელი იყო. მას ვერ შეჭამდი. თან ფასებიც ხელოვნურად იყო გაზრდილი”, – თქვა მაქსიმ შულცმა.

ქალაქში ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოსახლეობას ტელეფონების დატენვა სუპერმარკეტში შეუძლიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend