პირველი სამენოვანი ენციკლოპედია უკრაინელ ბავშვებს იტალიურ სასკოლო სისტემასთან ინტეგრირებაში ეხმარება.
რვატომიანი ენციკლოპედია იტალიურ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზეა დაწერილი და ის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.
პროექტის მიზანია, რომ ენციკლოპედიის დახმარებით, დაწყებით კლასებში უკრაინელ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ახალ კლასელებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა.
„ენციკლოპედიის იდეა კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე გაჩნდა. ჩვენ დავფიქრდით, თუ როგორ შეგვეძლო იტალიასა და ევროპაში ჩამოსულ უკრაინელ ბავშვებს ინტეგრაციაში დავხმარებოდით, რათა ადვილად შესძლებოდათ მათ ჩვენს განათლების სისტემასთან ადაპტაცია”, – ამბობს პროექტის მენეჯერი აზია გრაციანო.
ბავშვებს შეუძლიათ, ასობით სხვადასხვა თემაზე ინფორმაცია არა მარტო წიგნიდან ამოიკითხონ, არამედ გაეცნონ მათ სხვადასხვა აუდიოჩანაწერის, სმარტფონისა თუ მულტიმედიური ინტერაქტიული დაფების საშუალებითაც.
„ჩვენ მზის სისტემის შესწავლა დავიწყეთ. გავაანალიზეთ, რა არის მზე. ეს ყველაფერი კი იტალიურ, ინგლისურ და უკრაინულ ენებზე წერია. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ ენციკლოპედიაში წავიკითხეთ მზის დაბნელების შესახებ“, – ამბობს იტალიური ენის მასწავლებელი ოლიმპიო ტულიო.
ბოლონიის დაწყებით სკოლაში, მარტივი, მაგრამ ბრწყინვალე იდეის წყალობით, უკრაინელ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლა მშობლიურ ენაზე გააგრძელონ.
„ჩვენი სკოლის იდეაა, რომ ის უნდა იყოს საზოგადოებაზე მორგებული. ეს ის საზოგადოებაა, რომელიც ასწავლის და რომელიც ერთმანეთზე ზრუნავს. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებები არ არსებობს და არც ხალხს უნდა არჩევდე რამე ნიშნით“, – მიიჩნევს ბოლონიის ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი ფილომენა მასარო.
პროექტი თითოეული მოსწავლის საჭიროებებს ითვალისწინებს. კლასს არცერთი ბავშვი არ უნდა ჩამორჩეს.
„ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ყველა პოტენციური საჭიროება. ჩვენ ვცდილობთ, იმ ბავშვებს მივაქციოთ ყურადღება, რომლებსაც სწავლა სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ამიტომ ენციკლოპედია მარტივად წასაკითხი შრიფტით დავბეჭდეთ“, – ამბობს პროექტის მენეჯერი ლორა ლოპარდო.
უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, მთელი იტალიის მასშტაბით, სამენოვანი ენციკლოპედია უკვე ათეულობით სკოლასა და 500-მდე საჯარო ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი.