რუსეთს კვლავ მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. მისი სამიზნე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ 10 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მიტანილი მორიგი სარაკეტო დარტყმის შედეგია, რომ ელექტროენერგიის გეგმურ გათიშვებს ახლა საგანგებო გათიშვაც დაემატა. მისი თქმით, ამ დროისთვის 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ეს კი მაშინ ხდება, როდესაც დედაქალაქ კიევში პირველი თოვლი მოვიდა. თუმცა ზოგიერთ მოქალაქეს, შექმნილი ვითარების მიუხედავად, მაინც ამაღლებული განწყობა აქვს.
ერთ-ერთი მოქალაქე ნატალია ამბობს, რომ უკრაინელებს მტკიცე რწმენა აქვთ. მათ სჯერათ, რომ გადაიტანენ ამ ზამთარს. მართალია, რაც უფრო აცივდება, რისკებიც გაიზრდება და ვითარებაც გართულდება, ისინი მაინც მზად არიან, ყველაფერს გაუმკლავდნენ.
ხერსონში კი რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ მოხალისეები ადგილობრივებს საკვებით, საბნებითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებიან.
ადგილობრივები კმაყოფილი არიან, რომ არ დაივიწყეს და დახმარება მიიღეს. ისინი თითქმის 8 თვე ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდნენ. თუმცა დარწმუნებული არიან, რომ გადაიტანენ ამ ზამთარს. მათთვის ახლა ყველაზე მთავარი ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაა.
ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო მესამე რეზოლუცია, რომელიც კრემლს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი უკრაინის ატომური ობიექტების ირგვლივ. თებერვალში რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. ორივე მხარე მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებდა.