მთავარისაქართველოსაკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

ინტერპელაციით დაბარებიდან ორი თვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა და ოპოზიცია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა იმაში, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებები მისთვის მიუღებელია. მან ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული განცხადებების ფონზე მათ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაწილში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვები დიდ წილად 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხებოდა. საპარლამენტო ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ შეახსენა ის რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებსაც დასავლეთი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ითხოვს საქართველოსგან.

ოპოზიციის კითხვები შეეხებოდა მართლმსაჯულების სისტემას, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს, ასევე სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ასევე გააკრიტიკეს ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. მათ ისაუბრეს შესაძლო კორუფციული ფაქტების შესახებაც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან დღესაც ისმოდა მწვავე შეფასებები ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიმართ, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა სენატის სხდომაზე კრიტიკულად შეაფასა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე აქტიურად მუშაობენ, რაშიც, მათი თქმით, ხელს მხოლოდ ოპოზიცია უშლის.

პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საინტერპელაციო კითხვები სექტემბერში გაუგზავნეს, თუმცა ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მოსმენა ნოემბრისთვის გადაიდო.

ოფიციალურ მიზეზად კი პრემიერის ხელმძღვანელობით უცხოეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტები დასახელდა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend