„დემოკრატიის უზარმაზარი უკუსვლა“, – ასე შეაფასეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. სენატორმა შაჰინმა მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა ბოლოდროინდელი ქმედებების გამო და აღნიშნა, რომ გადაიხედოს ვაშინგტონს სტრატეგია საქართველოს მიმართ.
„ამერიკელი ხალხი დიდი ხანია მხარს უჭერს ქართველების სურვილს, ჰქონდეთ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით და გვაქვს საერთო მიზანი, რომ საქართველო სრულად გაერთიანდეს ერების ევროატლანტიკურ ოჯახში. ამერიკის შეერთებულ შტატებს 6 მილიარდზე მეტი აქვს გაცემული საქართველოსთვის. საქართველოს ათასობით მოქალაქე ჩამოდის ამერიკაში კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამებით, ამერიკამ ათეულობით ათასი ქართველი ჯარისკაცი გაწვრთნა, რათა მათ დაიცვან საკუთარი ქვეყნის ტერიტორია და, გარდა ამისა, ხელი შეუწყონ მშვიდობასა და სტაბილურობას ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. ეს დახმარება მოიცავს დემოკრატიული მმართველობის, კანონის უზენაესობის, მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოებისა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასაც. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაატარონ საჭირო რეფორმები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა.
„რეალობა ისაა, რომ საქართველოში უდიდესი უკუსვლაა. ჩვენ საქართველოს ვუწევთ მნიშვნელოვან დახმარებას რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ რომ, შეიძლება, დახმარების გარკვეული ნაწილი უნდა მივაბათ საქართველოს მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, რომ, შესაძლოა, არ იყოს ამის გაკეთება კარგი. მაგრამ, ჩემი აზრით, საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროა და კარგია სტრატეგიის განხილვა და მზად ვარ თქვენთან ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო. თქვენ იცით მიზეზები, რატომაც გვინდა ამ ეტაპზე, არსებული კურსის შენარჩუნება, ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი შეშფოთება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის დამაბრკოლებელ გამონათქვამებსა და ქცევებზე. როგორც ვთქვი, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ქართველი ხალხის უმრავლესობის გამოხატულებაა“, – განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა.
„ამაზე ნამდვილად გეთანხმებით. მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო, და რომ ამას გააკეთებდნენ… მათ ეს უთხრეს საქართველოს მოქალაქეებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას… და მათ აშკარად უკან წაიღეს ეს პირობა. ამიტომ ვფიქრობ მნიშვნელოვანია ვიფიქროთ იმ გზებზე, რომლებიც გვაქვს, რომ მათ ამაზე პასუხისმგებლობა დავაკისროთ, რომ გავაგებინოთ, რომ ამას შედეგები მოჰყვება, და ზოგიერთი ეს შედეგი, შეიძლება იყოს იმის გადახედვა, თუ რა დახმარებას აღმოვუჩენთ მათ. სრულიად გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალეულობა ეს არაა, ეს მათი მთავრობის ბრალეულობაა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, მათ უნდა მოსთხოვონ და დააკისრონ მთავრობას პასუხისმგებლობა. ახლა მინდა სხვა თემაზე გადავიდეთ, მაგრამ მზად ვარ მომავალში თქვენთან ამ თემის განსახილველად“, – აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.
სენატში გაკეთებულ განცხადებებს საქართველოს პარლამენტშიც გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, დააზიანოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სამმა პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „დროამ“ გაავრცელეს, წერია, რომ „ქართულმა ოცნებამ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უღალატა და სენატორების განცხადებებზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მათ რუსეთის მხარე აირჩიეს.
„კატასტროფაა ჩვენთვის, ყველასთვის, სადამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ ასე ღიად სენატორები და კონგრესმენები საუბრობენ, რომ უნდა გადახედონ საქართველოსთან პარტნიორობის საკითხს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
„ძალიან მძიმედ შეფასდება „ქართული ოცნების“ გადადგმული ნაბიჯები ევროინტეგრაციის თვალსაზრისით“, – აღნიშნა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. მათ შორის, დიდი წილი მიმართული იყო საქართველოს თავდაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არ აინტერესებთ უსაფუძვლო კრიტიკა. რაც შეეხება დაფინანსების საკითხებს, ისინი ამტკიცებენ, რომ ამერიკული დაფინანსების დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაა განკუთვნილი.
„დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე, ამიტომ ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„თვეების განმავლობაში ქალბატონ შაჰინს სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, არც ცუდი და არც კარგი. ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ევროკავშირის გაფართოების კომისარმა გააკეთა ძალიან პოზიტიური განცხადებები საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადეს, რომ აღმაშფოთებელია ის განცხადებები, რომლებიც კელი დეგნანის მიმართ ისმის და რომ ამან შესაძლოა ორი ქვეყნის თანამშრომლობას ძირი გამოუთხაროს.
ანა ალელიშვილი