მთავარიგადაცემებითვითმხილველიუნდა აიღონ თუ არა ლატვიაში საბჭოთა ეპოქის მონუმენტები?

უნდა აიღონ თუ არა ლატვიაში საბჭოთა ეპოქის მონუმენტები?

ზოგისთვის პოლიტიკური პროპაგანდის ეპიცენტრია, ზოგისთვის – ისტორიის სამახსოვრო ფურცელი –  საბჭოთა კავშირის დროს აღმართული მონუმენტები ლატვიაში ისევ ცხარე დისკუსიის საგანია.

დისკუსია არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ბევრი მონუმენტის აღების ნებას იძლევა. მე სამი დღე გავატარე ლატვიაში და ამ საკითხზე სრულიად განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინე.

მეზობელი რუსეთის ექსპანსიონიზმით შეშფოთებულმა ლატვიამ ეს კანონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. ეს კანონი ქალაქის საბჭოებს ავალდებულებს, აიღონ ის მონუმენტები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დიდების სიმბოლოს წარმოადგენს. თუმცა ეს კანონი არ ეხება   სასაფლაოებზე დადგმულ მონუმენტებს ან მონუმენტებს, რომლებიც კულტურის ძეგლებად ითვლება.

მაგრამ ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან საქმე ბევრად უფრო რთულადაა.

ქალაქ დაუგავპილსში სამი დიდი საბჭოთა მონუმენტი დგას და მოსახლეობის უმეტესობაც ეთნიკური რუსია.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა ჯარისკაცების პატივსაცემად აღმართული მონუმენტი მთავრობის წარმომადგენლებმა საბჭოთა პროპაგანდის ნიმუშად შეაფასეს. ამიტომ მისი აღება გადაწყდა.

თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ბევრი  რუსულენოვანი ადგილობრივი მოსახლე გაანაწყენა. მათ შორის არის იგორ პრელატოვი,  დაუგავპილსის ქალაქის საბჭოს წევრი .

„ჯარისკაცი ჯარისკაცია. ომი ყველაფერს თავის სახელს არქმევს. რაც მოხდა, მოხდა. ეს მონუმენტი ვიღაცის მიმართ მადლიერების აღსანიშნავად აღიმართა. თუ ისტორიას გავყვებით და იმის რკვევას დავიწყებთ, აქ ვისი ტერიტორია იყო, ძალიან შორს წაგვიყვანს, ამაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი. ჩემი აზრით, მონუმენტების აღებით ჩვენს ისტორიას ვანადგურებთ,“ ამბობს იგორი.

ერთ-ერთი მონუმენტი ნამდვილად დანგრევას ექვემდებარება. მაგრამ ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ კანონი ამისთვის საკმარის დაფინანსებას არ ითვალისწინებს და ძეგლის აღება გადაავადა.

მისგან განსხვავებით, ქალაქის მთავარი საბჭოთა მემორიალი ნამდვილად გადაურჩება აღებას, რადგან იქ ადამიანია დაკრძალული.

თუმცა ამ თითქოსდა შეთანხმებულ საკითხზეც ადგილობრივი ისტორიკოსებისაგან განსხვავებული მოსაზრებები მოვისმინე.

„თავად მონუმენტი არ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას საზოგადოებაში. დავის საგანი ის არის, თუ როგორ იყენებენ ამ მონუმენტს პოლიტიკური ორგანიზაციები და სხვადასხვა ჯგუფი,“ – ამბობს  დაუგავპილსის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი ჰენრიჰს სომსი.

ეს მემორიალი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრიც არის. ადგილობრივი გიდი თვლის, რომ საბჭოთა ძეგლების დაშლის ალტერნატივა ყოველთვის არსებობს, თუნდაც ის ძალიან უცნაური იყოს.

„შეიძლება, ისინი გადავღებოთ, ან ხელოვნების ნიმუშად ვაქციოთ. ჩვენ ვთავაზობთ ცისარტყელას ფერებში გადავღებოთ. ამ გზით ქალაქში სულ გვექნება ცისარტყელა“, –  ამბობს ვიკა ვალუიევა, დაუგავპილსის ტურისტული გიდი

რამდენიმე საათი ვესაუბრებოდი ადგილობრივებს, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობას არ სურს მონუმენტების აღება. ბოლოს და ბოლოს მოვადექი ამ მუსიკალურ სკოლას, სადაც ვიპოვე ადამიანი, რომელიც მტკიცედ ითხოვს სადავო მონუმენტების დაშლას.

„რაც უფრო მალე მოვიცილებთ, მით უკეთესი,“ – ამბობს დაუგავპილსის მუსიკალური სკოლის დირექტორი აივარის ბროქსი. „იმის შეფასება, თუ რომელი მეტად განადიდებს ოკუპაციას და რომელი ნაკლებად,  ცოტა უცნაურია. საბჭოთა რეჟიმი აქ საკუთარი ნებით მოვიდა და თავისი აქ ყოფნის ნიშნები დატოვა, რითაც ამბობს: „ჩვენ აქ ვართ“.  ამიტომ ისინი უნდა მოიშალოს.“

ქვეყნის დედაქალაქ რიგაში განსხვავებული სურათია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობამ უყოყმანოდ აიღო ბოლო საბჭოთა მონუმენტები.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის ყველაზე დიდი მემორიალი ქვეყანაში იმ ადამიანების თავშესაყრად გადაიქცა, რომლებიც ლატვიის საბჭოურ წარსულს მისტირიან. საბოლოოდ კი  პრორუსული მიმართულების ულტრანაციონალისტებიც დაემატათ.

რიგაში აღარ სურთ ტოტალიტარიზმის რამე სიმბოლო კიდევ დარჩეს, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, – ამბობს რიგის მერი მარტინშ სტაკისი:

„პირველად ვიფიქრეთ, რომ სახელები გადაგვერქვა, რომ განსხვავებული შინაარსი მიგვეცა. მაგრამ ამ ინიციატივის შემდეგ ხალხმა ფულის შეგროვება დაიწყო ამ მონუმენტების დასაშლელად. და ამ შენატანებით დაიფარა მათ აღებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.“

ზოგიერთი მონუმენტი, რომელთაც ისტორიული ან კულტურული ღირებულება აქვს, შესაძლოა, ოკუპაციის მუზეუმში გადაიტანონ.

აქ მუდმივად არის გამოფენილი ამ ქვეყანაში ნაცისტური და საბჭოთა წყობის დამადასტურებელი ნივთები.

ჩემი გიდი მიხსნის, რომ მოუთმენლად ელოდება, როდის გაქრება საზოგადოებრივი სივრციდან ყველაფერი, რაც ქვეყანაში საბჭოთა წარსულზე მიანიშნებს.

გინტს აპალსი, ლატვიის  ოკუპაციის მუზეუმის მრჩეველი:

„ეს მემორიალები ყოველთვის შეურაცხყოფას აყენებდა მსხვერპლს. მათი რეჟიმის მსხვერპლნი ჩვენ შორის არიან, ვინც მათ გადაურჩა, ჩვენ შორის ცხოვრობს. და რას უნდა გრძნობდნენ ეს ადამინები, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებებსა და ფიგურებს ხედავენ იარაღით ხელში?

ამ მუზეუმში  მთელი ლატვიიდან მოიტანეს მონუმენტები შესანახად ან გამოსაფენად. თითოეული მათგანის საკითხს განიხილავენ, რაც ზოგჯერ საკმაოდ მტკივნეული პროცესია, განმარტავს გინტსი:

„თქვენ ხედავთ ძალიან კეთილ, დიახ, კეთილ სახეს. მაგრამ სინამდვილეში ეს კაცი ტერორისტია. საბჭოთა ტერორისტი, რომელმაც 1943 წელს სამოქალაქო პირები დახოცა, მათ შორის ბავშვებიც. თუმცა პირადად მხარს ვუჭერ რომ ეს ძეგლი მუზეუმში დარჩეს. განსაკუთრებით ახლა. რადგან ამ პატარა მონუმენტის უკან ძალიან ზუსტი  და ადამიანური ამბავი დგას. რა თქმა უნდა, თუ სხვა მონუმენტებსაც ნახავთ, ისინი ზოგადად  საბჭოთა რეჟიმის დიდების ნიშნად არის აღმართული აღმოსავლეთ ლატვიის საზოგადოებრივ სივრცეებში. მაგრამ ეს არ ასახავს იმ ტანჯვას, რომელიც ლატვიის მოსახლეობამ გადაიტანა.“

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულმა კონფლიქტმა ლატვიაში კიდევ უფრო გააღვივა პრო და ანტირუსული განწყობები, დავა მონუმენტების თაობაზეც უფრო გამწვავდა.

პატარა ქალაქ იზკრაუკლეს „საბჭოური ცხოვრების წესის მუზეუმი“ აქვს. აქ იმ პერიოდის საპირფარეშოებსაც კი ნახავთ. ვუყურებ ამ მუზეუმში გამოფენილ 2 ათასს ნივთს და ვფქირობ, ნეტავ თუ შეთანხმდებიან ოდესმე ლატვიაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები, რომ მათ საერთო საბჭოთა წარსული აქვთ – მათ შორის მონუმენტებიც.

შესაძლოა, ამ ხალხს ასეთი მუზეუმის მსგავსი კულტურული დაწესებულება დაეხმაროს, – ასკვნის მუზეუმის დირექტორი.

ძინტრა გეპურე, ქალაქ აიზკრაუკლეს მუზეუმის დირექტორი:

„ჩემი აზრით ძველი თაობა უფრო ღელავს ამ მონუმენტების გამო და უნდა მათი მოშორება.  ახალ თაობას არ ესმის მაშინდელი ამბები, როგორ ვცხოვრობდით, რა მოხდა აქ. მონუმენტების კონტექსტი მათთვის გაუგებარია. ამიოტმ მე მგონია, რომ როგორც ტოტალიტარული ხელოვნებსი ნიმუშები ეს მონუმნეტები შესაძლოა ერთ სივრცეში განთავსდნენ, სადაც მნახველებს შესაბამისად განვუმარტავთ კონტექტს.“

ავტორი: ხულიან ლოპეს გომესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend