გამოვიდა სერიალ „გვირგვინის“ მეხუთე სეზონი, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ისა და სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. პრემიერა დედოფლის გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ ლონდონში გაიმართა.
მეხუთე სეზონში დედოფალს იმელდა სტონტონი ასახიერებს. ის მესამე მსახიობია, რომელმაც ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქის როლი შეასრულა. პირველ და მეორე სეზონებში ელისაბედის როლს კლერ ფოი თამაშობდა, მესამე და მეოთხე სეზონებში კი – ოლივია კოლმანი. დედოფლის როლის შესრულებისთვის ორივე მათგანმა ემის ჯილდო მოიპოვა.
იმელდა სტონტონი
„მეხუთე და მეექვსე სეზონის გადაღება ექვსი თვის წინ დავასრულეთ. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო, თუმცა ძალიან რთული და დაბრკოლებებით სავსე. ერთი მხრივ, თავს უხერხულადაც კი ვგრძნობ, წინა მსახიობების წარმატებით რომ ვსარგებლობთ. ჩვენ, ყველას, იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების მოლოდინს გავამართლებთ და სერიალს შესაბამისად დავასრულებთ. სერიალი არაჩვეულებრივი ნამუშევრის შედეგია“, – ამბობს იმელდა სტონტონი.
მეოთხე სეზონში პრინცესა დაიანას როლს ემა კორინი ასრულებდა. მეხუთე და მეექვსე სეზონებში კი – ელიზაბეტ დებიცკი. მსახიობმა გადაღებების დაწყებამდე პრინცესა დაიანას ცხოვრება შეისწავლა.
„როდესაც სერიალის გუნდის წევრი ხდები, უზარმაზარი საარქივო მასალა ხდება ხელმისაწვდომი. მე ის საფუძვლიანად შევისწავლე“, – ამბობს ელიზაბეტ დებიცკი.
„გვირგვინის” მეხუთე სეზონში მოქმედება 1990-იან წლებში ვითარდება, როდესაც პრინც ჩარლზსა და დაიანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, შემდეგ კი პრინცესა ავტოშემთხვევის დროს საფრანგეთში იღუპება.
სერიალმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა ის ისტორიული უზუსტობების გამო გააკრიტიკეს. სერიალის შემქმნელი პიტერ მორგანი კი თავის ნამუშევარს იცავს და ამბობს, რომ ისტორიული მოვლენები საფუძვლიანად შეისწავლა.