30 წლის წინ, ჰქონდათ იმედი, რომ კაცობრიობა გლობალურ დათბობაზე პასუხისმგებლობას აიღებდა და საკუთარ დანაშაულს გამოასწორებდა. ასე არ მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც კლიმატის ცვლილების ორი ისტორიული შეთანხმების ინიციატორი იყო, ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ, თავად გახდა ამ ინიციატივების მოწინააღმდეგე ძალა.
შემდეგ ღარიბი და მდიდარი ქვეყნები დავობდნენ იმაზე, ვის რა უნდა გაეკეთებინა. ამ დროს, კი დედამიწა კიდევ უფრო სწრაფად თბებოდა. იმედი ნელ-ნელა ქრებოდა, იმ 36 ტრილიონ ტონა ყინულთან ერთად, რომელიც ამ პერიოდში დაკარგა დედამიწამ.
1992 წელს მსოფლიო ლიდერები პირველად შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებაზე, თუმცა 1992 წლიდან დღემდე, კაცობრიობამ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში მაინც ტრილიონ ტონაზე მეტი სათბურის აირი გააფრქვია. მსოფლიო 0.6 გრადუსი ცელსიუსით დათბა.
ახლა, როდესაც მოლაპარაკებებისთვის ლიდერები ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში, გაეროს კლიმატის კონფერენციაზე იკრიბებიან, ისტორიკოსებისა და დიდი გამოცდილების მქონე თანამდებობის პირთათვის ზოგიერთი წამოჭრილი საკითხი ახალი სულაც არაა.
მაგალითად, კლიმატის ცვლილებაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი, კამათი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც წიაღისეული საწვავის მოხმარებითა და გაყიდით გამდიდრდნენ და განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც ამ ყველაფრის გამო არაპროპორციულად დიდი ზიანი ადგებათ.
პირველი ნაბიჯები დამაიმედებელი იყო. 1987 წელს მსოფლიო შეთანხმდა იმ ნივთიერებების აკრძალვაზე, რომლებიც დედამიწის ოზონი შრეს ანადგურებდნენ. ხუთი წლის შემდეგ, 1992-ში კი რიო-დე-ჟანეიროში, დედამიწის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის საფუძველზეც გაერომ ნახშირბადის ემისიების შემცირებისათვის მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
მოლაპარაკებების დროს აქტიურად განიხილებოდა იდეა, რომ ყველა ქვეყანას თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აეღო, განვითარებული ქვეყნები წამყვან როლში იქნებოდნენ. მთავარი, ვინც ამას უნდა დათანხმებოდა ამერიკის შეერთებული შტატები იყო – მაშინ, მსოფლიოში ემისიებით პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა.
1997 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით კიოტოს შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც განვითარებულ ქვეყნებს ემისიები უნდა შეემცირებინათ. თუმცა ოპტიმიზმი პესიმიზმით შეიცვალა, როდესაც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ, 2002 წელს, კიოტოს შეთანხმება დატოვა.
ბოლოს და ბოლოს 2015 წელს პარიზში ახალი შეთანხმება დაიდო, რომლის ფარგლებშიც ყველა ქვეყანა თავად ადგენდა, რამდენად უნდა შეემცირებინა ემისიები. აქაც შეერთებული შტატები ლიდერობდა.
მაგრამ ისტორია გამეორდა და ამჯერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა შეთანხმება. ეს დროებითი იყო, რადგან ჯო ბაიდენის ამერიკა შეთანხმებას კვლავ დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები მზაობით, რომ დაეხმარონ იმ ღარიბ ქვეყნებს, რომლებსაც ნაკლები როლი მიუძღვით მსოფლიო ემისიებში.
ეგვიპტეში, წლევანდელ კონფერენციაზეც სწორედ ესაა მთავარი თემა, განვითარებადი ქვეყნები მდიდარ სახელმწიფოებს სთხოვენ, დაეხმარონ მათ მწვანე და გამძლე ეკონომიკის განვითარებაში. გაეროს გენერალურმა მდივანი, ანტონიუ გუტერეში კი აცხადებს, რომ საჭიროა ახალი საერთაშორისო ფინანსური მექანიზმი კლიმატის ცვლილებით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად.