მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარისაერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი - ევროპა უნდა გაერთიანდეს ბუნებრივი აირის შესაძენად

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი – ევროპა უნდა გაერთიანდეს ბუნებრივი აირის შესაძენად

თუ ევროპული ქვყენები გაერთიანდებიან და ბუნებრივ აირს ერთიანი მექანიზმის პლატფორმის საშუალებით შეიძენენ, ეს ბევრად გააუმჯობესებს მათი როგორც მყიდველის პოზიციას – განაცხადა    ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ფათიჰ ბიროლმა „ევრონიუსის“ ეთერში.
„ჩემი აზრით, ძალიან კარგი აზრია. თუ ევროპის ქვეყნები გაერთიანდებიან და ერთ ძლიერ მყიდველად ჩამოყალიბდებიან, ეს დაეხმარებათ, რომ გათხევადებული ბუნებრივი აირის სხვა მყიდველებს აჯობონ,“ – განაცხადა მან.

თუმცა ფათიჰ ბიროლი თვლის, რომ ფასის ზედა ზღვარი ბუნებრივ აირზე ისე უნდა დაწედეს, რომ არც კონკურენტუნარიანობა შეამციროს და მომხმარებელიც დაიცვას.

„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც წელს ევროპაში წარმატებას მივაღწიეთ, ის იყო, რომ სხვებზე მეტი ფული გადავიხადეთ, რათა გათხევადებული გაზი შემოგვეტანა. თუ ჩვენ ძალიან დაბალი ფასის ზედა ზღვარს დავაწესებთ, მაშინ ჩვენი კონკურენტუნარიანობა შემცირდება.  ამიტომ ისეთი ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს, რომელიც კონკურენტუნარიანიც იქნება და მომხმარებელსაც დაიცავს,“ -განმარტავს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო არის მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს, აკეთებს ანალიზსა და  ავრცელებს მონაცემებს ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ინტერვიუ

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: უპირველეს ყოვლისა, მინდა, გავიგო თქვენი აზრი ევროპის ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე, რადგან ძალიან ბევრს აინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდება ეს კრიზისი. რას გვეტყვით ამაზე?

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: ჩვენ პირველი ნამდვილი გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შუაგულში ვიმყოფებით. მსოფლიოს არასოდეს უნახავს ენერგეტიკის ასეთი ღრმა და რთული კრიზისი. მიზეზი ძალიან მარტივია. რუსეთი, რომელიც უკრაინაში შეიჭრა, არის ენერგორესურსების ყველაზე  მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში.  რუსეთის შეჭრამ გამოიწვია დიდი ენერგოკრიზისი. და ევროპა ამ კრიზისის ეპიცენტრში დგას, რადგან ევროპაში ენერგორესურსების დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდიოდა. ეს შეცდომა იყო, რომ ევროპა ამდენი წლის განმავლობაში –  რამდენიმე ათეული წელი ასე ძალიან იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე –  მხოლოდ ერთ ქვეყანაზე. შედეგად ახლა ევროპაში რთული დრო გვიდგას. მე ვვარაუდობ, რომ კიდევ რამდენიმე წელი გვექნება ევროპაში რთული პერიოდი ჩვენი ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი სოციალურ ცხოვრებაზეც აისახება.

ზამთრის პროგნოზი

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: როგორ ზამთარს ელოდებით? როგორ გადავიტანთ ამ ზამთარს?

 

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:  ჩემი აზრით, გავუძლებთ ამ ზამთარს, თუ ძალიან გრძელი და ცივი არ გამოდგა. თუ რაღაც განსაკუთრებულად მოულოდნელი რამ არ მოხდება, არ აფეთქდება გაზსადენი, არ გაჩნდება ცეცხლი სადმე. თუ ასეთი მოულოდნელი სიურპრიზები არ გვექნება, ამ ზამთარს გარკვეული ეკონომიკური და სოციალური დანაკარგებით გავივლით. თებერვლამდე და მარტამდე ისე მივალთ, რომ გადაულახავი პრობლემა არ გვექნება. იმიტომ, რომ ევროკავშირის მთავრობის პოლიტიკის წყალობით შევძელით ბუნებრივი აირის დიდი მარაგის შექმნა. ამას ზამთარში დავხარჯავთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ შესაძლებელია მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იყოს, რადგან, როდესაც შემდეგი თებერვალი და მარტი დადგება, როგორღა შევავსებთ გაზსაცავებს? სწორედ ეს არის საკითხავი, რადგან ბაზარზე არ იქნება მარტივი მდგომარეობა.

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: როგორ  შევავსებთ ბუნებრივი აირის არსებულ დანაკლისს? თუ გვაქვს საკმარისი მოცულობით გათხევადებული აირი,  ე.წ. ელ-ენ-ჯი, რათა დანაკლისი შეავსონ?

 

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: მომავალ წელს შესაძლებელია, ჩინეთი ისევ ფეხზე დადგეს, ეკონომიკა გაჯანსაღდეს და ჩვენ საერთოდ ვერ მივიღებთ რუსულ ბუნებრივ აირს. კიდევ ერთი ცუდი ამბავი მომავალ წელს შეიძლება ბუნებრივი აირის მოცულობა იყოს. ბაზარზე  გათხევადებული გაზის რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. ამიტომ სამი შემდეგი ფაქტორი იყრის თავს: ევროპაში აღარ შემოვა რუსული გაზი, ჩინეთს შესაძლებელია გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის დიდი  რაოდენობა დასჭირდეს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან ახალი ბუნებრივი აირის რესურსი ძალიან ცოტა  შემოვიდეს. ეს ნიშნავს, რომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს ძალიან რთული დრო დაუდგებათ.

ენერგორესურსებზე ფასების რყევა სავარაუდოდ გაგრძელდება

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: გამოდის, რომ კიდევ დიდხანს უნდა შევეგუოთ ენერგორესურსებზე მაღალ ფასებს?

 

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: ჩემი აზრით, მომავალი რამდენიმე წელი მზად უნდა ვიყოთ მერყევი და მაღალი ფასებისთვის ენერგორესურსებზე და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ, რთული ზამთარი გველის, მომავალი ზამთარი კი უარესი იქნება.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: ევროსაბჭოს ბუნებრივი აირის ფასზე მოქნილი ზედა ზღვრის დაწესება სურს. როგორ გგონიათ, ეს შეარბილებს ვითარებას?

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:  „ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც წელს ევროპაში წარმატებას მივაღწიეთ, ის იყო, რომ სხვებზე მეტი ფული გადავიხადეთ, რათა გათხევადებული გაზი შემოგვეტანა. თუ ჩვენ ძალიან დაბალი ფასის ზედა ზღვარს დავაწესებთ, მაშინ ჩვენი კონკურენტუნარიანობა შემცირდება.  ამიტომ ისეთი ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს, რომელიც კონკურენტუნარიანიც იქნება და მომხმარებელსაც დაიცავს.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: განიხილება მცირემასშტაბიანი ერთიანი შესყიდვის მექანიზმიც. ამაზე რას ფიქრობთ?

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი: ჩემი აზრით, ძალიან კარგი აზრია. თუ ევროპის ქვეყნები გაერთიანდებიან და ერთ ძლიერ მყიდველად ჩამოყალიბდებიან, ეს დაეხმარებათ, რომ გათხევადებული ბუნებრივი აირის სხვა მყიდველებს აჯობონ.“

სუფთა ენერგიაზე გადასვლა დაჩქარდება

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: როგორი იქნება მომავალში რუსეთის მდგომარეობა ნავთობის ბაზარზე?

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:  „რუსეთი დამარცხდება ენერგობრძოლაში რამდენიმე მიზეზის გამო. შეჭრამდე რუსული გაზის ექსპორტის 75 პროცენტი, ხოლო ნავთობის ექსპორტის 55 პროცენტი ევროპაში მიდიოდა. ევროპა იყო რუსეთის ყველაზე დიდი გასაღების ბაზარი და მსხვილი კლიენტი. და რუსეთმა ეს კლიენტი, ყველაზე მსხვილი კლიენტი  დაკარგა სამუდამოდ,

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: რუსები ამბობენ, რომ თავიანთ რესურსებს აზიასა და ჩინეთში გაყიდიან.

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:  „ეს ადვილი არ არის. შეუძლებელია, სწრაფად ააშენო გაზსადენი ჩინეთამდე ან ინდოეთამდე. ამას ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ათი წელი დასჭირდება. ამ გეოგრაფიაზე რომ გახვიდე, გჭირდება  ახალი ტექნოლოგიები, ფინანსები და ასე შემდეგ.  ხახვს ხომ არ ყიდი. ბუნებრივი აირის გაყიდვა განსხვავებული ბიზნესია. ამიტომ რუსეთისთვის ბუნებრივი აირის ექსპორტში ევროპის ჩანაცვლება მოკლე პერიოდში, ჩემი აზრით, ოცნებაა.“

შანდორ ჟიროში, ევრონიუსი: გამოდის, რომ ამ კრიზისით ევროპაც აგებს და რუსეთიც. ვინ იგებს?

ფათიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი:  „ევროპაც და დანარჩენი მსოფლიოც ნამდვილად რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელ მსოფლიოში მრავალი ქვეყნის მთავრობა საკმაოდ კარგად უმკლავდება კრიზისს. ევროპაში გვაქვს რუსეთის წიაღისეულზე დამოკიდებულების შემცირების დიდი პროგრამა REpower EU, რომელიც უამრავ ფულს დებს სუფთა ენერგიის განვითარების დასაჩქარებლად. ეს გულისხმობს ქარის ენერგიის ათვისებას როგორც ხმელეთზე, ის ზღვაში და წყალბადის განვითარებას. ეს არ არის განცხადებებისა და სტრატეგიების დონეზე, აქ ფული უკვე მაგიდაზე დევს: მზის, ქარის, ბირთვული ელექტროენერგიისთვის და ელექტრომობილებისთვის. ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წელიწადში რეალობა იქნება. ამიტომ მჯერა, რომ ეს კრიზისი იქნება გარდამტეხი მომენტი სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების თვალსაზრისით. ჩვენ რამდენიმე წელი გაგვიჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ათი წლის შემდეგ, როდესაც უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, რომ 2022 იყო წელი, როდესაც სუფთა ენერგიაზე გადასვლა მთელ მსოფლიოში დაჩქარდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend