მთავარიკუბიინტერპრეტაცია და გაყალბებული ციტატები - რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი

ინტერპრეტაცია და გაყალბებული ციტატები – რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდი

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში პრორუსული ანგარიშები ამერიკელი ტელეწამყვანის, ტაკერ კარლსონის მონოლოგის ნაწყვეტს ავრცელებენ, სადაც კარლსონი სენატორი ჯეიმი რასკინის სიტყვების ინტერპრეტაციას აკეთებს.

ტაკერ კარლსონის შეფასებით, სენატორი ამბობს, რომ რუსეთი უნდა განადგურდეს იმიტომ, რომ ის არის მართლმადიდებლური და ტრადიციული ღირებულებების ქვეყანა. მსგავსი ფრაზა სენატორ ჯეიმე რასკინს კი არსად უხსენებია.

გადაცემის მონოლოგის ნაწყვეტი აჩვენა ასევე რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა, თუმცა მხოლოდ სტუმრის მიერ მიცემული შენიშვნის შემდეგ აღიარა, რომ ეს მხოლოდ ტელეწამყვანის ინტერპრეტაცია იყო.

 

რაც შეეხება სენატორ რასკინს, მან თქვა, რომ უკრაინა მსოფლიოს იმპერიალიზმის წინააღმდეგ სამართლიან, თავდაცვით ომში ბრძოლის მაგალითს აძლევს.

კონგრესმენი უკრაინის მხარდაჭერის და ისტორიის სწორ მხარეს ყოფნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ დემოკრატიის მხარდამჭერებმა მიუხედავად იმისა, რას უწოდებენ საკუთარ თავს, კონსერვატორებს თუ ლიბერალებს, ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის გამარჯვების უზუნველსაყოფად.

რასკინი რუსეთს აგრესორ და გენოციდის ინიციატორ ქვეყნად მოიხსენიებს, თუმცა არსად არ არის ნათქვამი, რომ რუსეთი თავისი ქრისტიანული ღირებულებების გამო უნდა განადგურდეს. რასკინის განცხადება თავისივე ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

რაც შეეხება ტაკერ კარლსონს, ის ცნობილი კონსერვატორი და დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, რომელსაც ტელეარხ ფოქს ნიუსზე საავტორო გადაცემა აქვს.

ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და „მითების დეტექტორის”, ისევე როგორც ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების ცნობით, ძალიან ხშირად ლაპარაკობს კონსპირაციულ თეორიებზე.

ომის დაწყების შემდეგ, კარლსონი ფაქტობრივად იმეორებს კრემლის ნარატივს, რასაც რუსული პროპაგანდა უკრაინასთან დაკავშირებით ავრცელებს.

ბოლო დღეებში „მითების დეტექტორმა” ასევე, გადაამოწმა რუსი პროპაგანდისტის სერგეი მიხეევის მიერ მოყვანილი ციტატები.

ფაქტჩეკერების ცნობით, მიხეევმა ერთ გადაცემაში 6 გაყალბებული ციტატა თქვა. ერთ-ერთი მათგანი  თითქოს ეკუთვნოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს.

მიხეევის მტკიცებით, ტეტჩერმა განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ეკონომიკურად 15 მილიონი ადამიანის ცხოვრებაა გამართლებული, რომლებიც ჭაბურღილებსა და მაღაროებს მოემსახურებიან.

აღნიშნული ციტატის ნამდვილობა გამოცემა Настоящее Время-მ ჯერ კიდევ 2018 წელს გადაამოწმა. გამოცემის მიხედვით, ციტატა პირველად 1997 წელს რუსი პუბლიცისტის ანდრეი პარშევის წიგნში გამოჩნდა, სადაც ფრაზის ავტორი დასახელებული არ იყო. გავრცელებული ციტატის ნამდვილობა Настоящее Время-სთან კომენტარში “მარგარეტ ტეტჩერის ფონდის” წარმომადგენელმაც უარყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend